მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო წილოსანი "მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფის ექსპერტებს შეხვდა

5ef0b04ebea25
BM.GE
22.06.20 17:20
1277
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ "მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფის ექსპერტებთან, პირველი შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, "მწვანე ბიუჯეტის პროექტი“ მიზნად ისახავს, კომიტეტის ფარგლებში გაანალიზდეს 2019 წლის ბიუჯეტი და მომზადდეს რეკომენდაციები თუ როგორ შეიძლება 2021 წლის ბიუჯეტი გახდეს უფრიო მწვანე.

ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ეს გულისხმობს ყველა იმ აღებული ვალდებულებებიდან, ახალი მიღებული კანონმდებლობებიდან და ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, ბიუჯეტში რეფორმების უმნიშვნელოვანესი ნაწილის გათვალისწინებას, როგორც სამინისტროების სტრუქტურული ნაწილების გაძლიერების ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ როგორც კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე აღებული ვალდებულებების გათვალისწინება მოხდეს პროგრამებში და სტრუქტურულად გაძლიერდეს სამინისტრო ასევე, სხვადასხვა პროგრამებში გათვალისწინებული იყოს ეკოლოგიის საკითხები - ეს იქნება ნარჩენების მართვა, გადამამუშავებელი ნარჩენების მართვა, მეორადი გადამუშავებული პროდუქტების მიღება და ასეთი მსგავსი წარმოებების ხელშეწყობა, სახელმწიფოს მხრიდან კარგად აღსრულება იმ კანონმდებლობების, რომელიც თუნდაც, ახლახან მივიღეთ და ეს არის „ტყის კოდექსი“, „აკვაკულტურის შესახებ“ კანონი და სხვა. ვგეგმავთ, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება „მწვანე ბიუჯეტის პროექტი““, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი განმარტებით, ეს არის საკმაოდ კვალიფიციური და მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ყველა მონაწილე მხარესთან განიხილება და საბოლოო ჯამში, კომიტეტში დარჩება საკმაოდ ხელშესახები რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც სასურველი იქნება შემდგომი ბიუჯეტების განხილვისას. დოკუმენტი არ მზადდება ერთი კონკრეტული წლის ბიუჯეტისთვის არამედ, გათვლილია გრძელვადიან პერსოექტივაზე. „რამდენიმეწლიანი სამუშაო რეჟიმისთვის საკმაოდ კარგი დამხმარე დოკუმენტი მუშავდება, რომელიც კომიტეტს და პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის და მონიტორინგის განხორციელების კუთხით, ხელს შეუწყობს რომ კომპეტენტური ოპონირება გაუწიოს პარლამენტში განსახილველად შემოსულ ბიუჯეტს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დღეს, დოკუმენტის პირველადი ვერსიის გაცნობა მოხდა და საბოლოოდ, სრულყოფილად ის მზად რამდენიმე კვირაში იქნება.

„მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების შემადგენლობით მარტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივითა და ორგანიზაცია „სენის“ მხარდაჭერით, კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.​