მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხევადი გაზი მოსახლეობისთვის თუ გაძვირდება, მთავრობა დაასუბსიდირებს - კანონპროექტის ავტორი

5ee0e9bd2c028
დავით ჯალაღონია
10.06.20 18:12
3279
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლიც თხევად გაზზე აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, თხევადი აირი, ეთილენი, პროპილენი და კიდევ რამდენიმე ტიპის აირი, 300 ლარით დაიბეგრება. აქციზის გადახდა იმპორტის განხორციელებისთანავე მოხდება.

ცნობისთვის: დღეისათვის, საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი ორი კოდით ხორციელდება: კოდი 2711 (ნავთობის აირები და აირისებრი ნახაშირწყალბადი) - 1 ტონა თხევადი გაზის მოცულობა 2 000 ლიტრს შეადგენს და კოდი - 2901 (ნახშირწყალბადები აციკლური) კოდის ქვეშ - 1 700 ლიტრს. პირველის აქციზის გადასახადი არის - 0 ლარი, ხოლო მეორესი - 300 ლარი ტონაზე.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები უაქციზო სასაქონლო კოდების გამოყენებით ნავთობპროდუქტების იმპორტის მანკიერ პრაქტიკას აღმოფხვრის და პარლალელურად საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება, მაგრამ როგორ აისახება ეს მოსახლეობაზე, რომლიც თხევად გაზს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებდა, ეს იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც დღევანდელ სასესიო განხილვაზე დაისვა.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი სულხან მახათაძე განმარტავს, ეკონომიკის სამინისტროსგან დოკუმენტის ინიციატორებს აქვთ პასუხი, რომ თუ განხორციელებული ცვლილებების შედეგად საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის თხევადი გაზი გაძვირდა, ფასს მთავრობა დაასუბსიდირებს, თუმცა - რა სქემით, არ დაუკონკრეტებია.

„ეკონომიკის სამინისტროსგან გვაქვს ოფიციალური თანხმობა, რომ თუ ეს ცვლილებები გამოიწვევს საყოფაცხოვრებო მიმართულებით გაზის გაძვირებას, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში და ფაქტობრივად, მოსახლეობა ამ ცვლილებებს ვერ იგრძნობს“, - აღნიშნა მან.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ დასვა კითხვა, რამდენი თეთრით შეიძლება გაიზარდოს თხევადი გაზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის. კანონპროექტის ავტორს გარკვეული გათვლები აქვს.

„ამ გათვლებით, იმიტომ რომ დღეს კონკურენტუნარიანი გარემო არ არსებობს და ცალსახად თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი მოგებებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზი კონკურენციაში ვერ შედის, მაქსიმუმ შეიძლება მოხდეს ფასის ზრდა 8 თეთრით გაზრდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღევანდელი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ეს ღირებულება კონკურენციამ შთანთქას“, - განაცხადა მახათაძემ.