მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის ექსპორტიორი კომპანია: წლის ბოლოს ფერმერების მხრიდან თხილის ჩაბარებამ იკლო

5e15a3c12a97c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.01.20 09:45
2420
მიუხედავად წარმატებული სეზონისა, 2019 წლის ბოლოს ფერმერების მხრიდან თხილის ჩაბარებამ იკლო, - ამის შესახებ BM.GE-ის „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ბოლქვაძემ განუცხადა.

თხილის მწარმოებელი მიიჩნევს, რომ ეს დეკემბრის თვეში ეროვნული ვალუტის გამყარებით არის გამოწვეული, რამაც თხილზე მცირედით, მაგრამ მაინც ღირებლების შემცირება გამოიწვია.

„სეზონი - 2019 წელი აგვისტოში დაიწყო და საკმაოდ კარგი სტარტი იყო, თხილის მოცულობა ძალიან კარგად ჩანდა ბაზარზე. დეკემბრამდე თხილის ჩაბარება და შესაბამისად წარმოება კარგად მიდიოდა, სამწუხაროდ, ახლა შეჩერებულია ფერმერების მხრიდან თხილის გაყიდვა; როდესაც გაყიდვა ჩერდება, ნიშნავს იმას, რომ თხილი ამოწურვისკენ მიდის. სამწუხაროდ, არ არის ისეთი დიდი ექსპორტი, რისი მოლოდინიც იყო აგვისტოში. მოლოდინი იყო, რომ ჯამში საქართველოდან 20 000 ტონა თხილის გულის ექსპორტი განხორციელდებოდა. უშუალოდ ჩვენს კომპანიას ექსპორტის კარგი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ფერმერების თხილის გაყიდვა ფასების ზრდის მოლოდინით აქვთ შეჩერებული“, - განმარტავს GPR-ის დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით თხილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 25%-30%-ით გაიზარდა, რაც 2019 წელს თხილის ხარისხიანობის მატებამ განაპირობა.

„2018 წელს თხილის ხარისხი ძალიან დაბალი იყო; გლეხებმა სახელმწიფოს ჩართულობით ხარისხი გამოასწორეს და თხილის მოთხოვნაც გაიზარდა. მაშინდელი ხარისხის რომ ყოფილიყო 2019 წელსაც, 2020-ში მოთხოვნა და ინტერესი საერთოდ დაიკარგებოდა ინტერესი“, - აცხადებს ლევან ბოლქვაძე.

BM.GE-ის კითხვაზე - ნელდება თუ არა ზოგადად ამ პერიოდში თხილის ჩაბარება, თხილის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა გვიპასუხა, რომ ზოგადად, იანვარში დღესასწაულების პერიოდში ხალხი უფრო ცდილობს მეტი ჩააბაროს რომ მეტი თანხა მიიღოს, მაგრამ წელს განსხვავებული სიტუაცია იყო.

"ეს განაპირობა იმან, რომ დეკემბერში თხილის ფასი დაეცა, ძალიან არა, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე ლარი რადგან გამყარდა, შესყიდვის ფასის ვარდნა გამოიწვია. ჩვენ ექსპორტს დოლარში ვახორციელებთ, შესაბამისად, დოლარიდან ლარში ოდნავი ფასის ცვლილება მოხდა და  კურსის ცვლილებამ გავლენა იქონია გლეხებზე, აქედან გამომდინარე, შეიძლება გლეხებს მოლოდინი აქვთ იმის, რომ იანვარ-თებერვალში თხილზე ფასი კვლავ მოიმატებს და მაშინ გაყიდიან თხილს“, - აღნიშნა მან. 

ცნობისთვის: 2019 წლის სეზონზე კომპანია GPR-მა მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში 900 ტონა სხვადასხვა სახეობის თხილი გაიტანა, რომლის ღირებულება, ჯამში, დაახლოებით, 4 მლნ დოლარი იყო.