მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის ექსპორტიორთა ასოციაცია: ექსპორტი შეუზღუდავად ხდება, თუმცა სეზონი მილევად რეჟიმშია

5eb1268750bb2
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.20 12:54
2887
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა BM.GE-ისთან საუბრისას თხილის ექსპორტზე პანდემიის გავლენას აფასებს და აცხადებს, რომ წლის პირველ ნახევარში თხილის ექსპორტი შეუზღუდავად მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, თხილის სეზონი მილევად რეჟიმშია, თუმცა პირველი კვარტლის მაჩვენებლებზე საუბრისას ლევად ქარდავა ამბობს, რომ იანვარ-მარტში საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილი იყო.

„ამ ეტაპზე თხილის ექსპორტი შეუზღუდავად მიმდინარეობს, თხილის სეზონი მილევად რეჟიმშია და თხილის ყიდვა არის რთული, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის თხილი. პრობლემები მხოლოდ იმ კუთხითაა, რომ სრულდება თხილის სეზონი, მოთხოვნაც ნაკლები არის, როგორც ევროპიდან, ასევე, აქაც თხილის შოვნა ძალიან რთულია, მოსახლეობას პრაქტიკულად აღარ აქვს თხილი.  სტანდარტულად ჩვენი თხილი გადის ევროპის ქვეყნებში; ძითრითადად გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში. უნდა ითქვას, რომ ექსპორტში შემცირება არ გვქონია, მაგალითად გასული წლის მარტთან შედარებით თურქეთში თხილის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა. ამიტომ ამ კუთხით მოთხოვნის ვარდნა არ გვაქვს, რადგან ადამიანები რომლებიც სახლში იყვნენ, დაიწყეს მზარეულობა, ამიტომ თხილზე მოთხოვნამ იმატა“, - განაცხადა თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ფასი გაიზარდა, რამაც გავლენა იქონია ქართული თხილის ფასზეც.

„გლობალურ ბაზარზე თხილის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1 დოლარით გაიზარდა. რა თქმა უნდა, ამან გავლენა იქონია ქართულ ბაზარზე და თუ შარშან უმაღლესი ხარისხის თხილის საექსპორტო ფასი 8 ლარი იყო, წელს 9 ლარამდე აიწია კილოგრამი გაუტეხავი თხილის ფასმა“, - ამბობს ლევან ქარდავა.

მისი თქმით, ეპიდემიის გავრცელებას თხილის წარმოებაზე არ უმოქმედია, მხოლოდ ის წესები შეიცვალა, რომელიც აუცილებლი იყო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.

„პანდემიას ჩვენს ბიზნესზე არ უმოქმედია, თუ არ ჩავთვლით უსაფრთხოების შეზღუდვებს, იმიტომ რომ სურსათის წარმოების მხრივ მთავრობის მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვები არ ყოფილა. უბრალოდ, რა რეკომენდაციებიც იყო - პირბადეები, ხელთათმანები, ეს დავამატეთ და შემცირდა სამუშაო ჯგუფების რაოდენობა 10 ადამიანამდე და ჩვეულებრივად გაგრძელდა მუშაობა თხილის სექტორში, პანდემიის გამო არ გავჩერებულვართ“, - აღნიშნა ქარდავამ.

მოლოდინებზე საუბრისას, ლევან ქარდავა მიიჩნევს, რომ 2020 წლის მოსავალი რაოდენობრივად და ხარისხობრივად კარგი უნდა იყოს თუ ბუნებრივი პირობები ხელს შეუწყობს. ამასთან, თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩინეთის მიმართულებით თხილის ექსპორტის გააქტიურება იგეგმება.

„პანდემიიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები თანდათანობით იხსნება და როდესაც ახალი თხილის სეზონი მოვა სექტემბერში, ეს შეზღუდვები წესით საერთოდ აღარ უნდა იყოს. ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა დიდად არ უნდა დაეცეს. რაც შეეხება ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს, ხარისხობრივად 2019 წლის მოსავალი ბევრად უკეთესი იყო წინა წლის მოსავალთან შედარებით; რაოდენობრივადაც, დაახლოებით, 40 000 ტონა გაუტეხავი თხილი მოვიდა შარშან და ვფიქრობ, რომ 2020 წელს კიდევ უკეთეს შედეგს უნდა ველოდოთ, თუ, რა თქმა უნდა, არ იმოქმედა ამინდმა. წინ გვაქვს მაისი-ივნისი, გვალვის პერიოდი თუ არ დაემთხვა ხარისხიანი მოსავალი უნდა მოვიდეს. თხილის ძირითადი მომხმარებელი მსოფლიოში ევროპაა, თუმცა ამ კუთხით ჩინეთმაც დაიწყო აქტიურობა, იზრდება თხილის მოხმარება და ახალი ბაზარი შეიძლება ჩინეთი იყოს იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც იქ იქნება ამ ვირუსიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, საქართველოდან ჩინეთში ხდება თხილის ექსპორტი, თუმცა ეს მაჩვენებელი შეიძლება, რომ გაიზარდოს“ - ამბობს ქარდავა.

ის მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ახალ სეზონზე კარგი მოსავალი არ იქნება, თხილის სექტორში მოქმედ სუბიექტებს გაუჭირდება იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც მათ 2017 წლიდან აქვთ.

„თხილის სექტორში მთავარ გამოწვევად რჩება 2017-2018 წლის გაფუჭებული მოსავლის შედეგად დამდგარი ფინანსური პრობლემები, რომლის გადაჭრა მხოლოდ 2019 წლის მოსავლით ვერ მოხერხდა და ის საბანკო ვალდებულებები, რაც მოსახლეობას აქვს. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია თხილის რაოდენობისა და ხარისხობრივ ზრდაზე; თუ არ გაიზარდა ეს მაჩვენებლები, რთული იქნება ამ პრობლემების გადაჭრა“, - უთხრა BM.GE-ის თხილის ექპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.