მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თხილის მოსავალიც მცირე იყო და ხარისხიც დაბალი, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს” - მინისტრი

638ae5beaed67
BM.GE
03.12.22 09:55
659
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. 

„წელს თხილის მოსავალიც მცირე იყო და ხარისხიც დაბალი, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის, კლიმატური პირობები. უხვმა ნალექებმა ხელი შეგვიშალა, რომ შესაბამისი ღონისძიებები სრულფასოვნად ჩატარებულიყო. ეს ყველაფერი თითოეული ჩვენი ფერმერის შემოსავალზე აისახა. თხილის სექტორში 10,000 ოჯახი არის დასაქმებული და ბევრი მათგანისთვის ეს არის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო. ამავდროულად, ქართული თხილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია; სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მთავრობამ თქვენთან, ასოციაციასთან, პარლამენტის კომიტეტთან, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო ამ დარგის მხარდაჭერის კუთხით; შესაბამისად, შეიქმნა და ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მსხვილი მეწარმეების ხელშეწყობაზეც იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მათ საშუალება ეძლევათ, თხილის მოვლისთვის შეღავათიანი აგროსესხით ისარგებლონ.

„ჩვენ 70%-ზე მეტი თხილი ექსპორტზე გაგვაქვს ევროკავშირის ბაზარზე. 100-ზე მეტი კომპანიაა, რომელიც ექსპორტს ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 22-ზე მეტი თხილის საშრობი და გადამმუშავებელი საწარმო შეიქმნა. შესაბამისად, აქ აზრს მოკლებულია საუბარი რაიმე მონოპოლიაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად გვესმის. რა თქმა უნდა, არის ფაქტორები, რომლებიც თხილის ფასზე მოქმედებს. ეს ფაქტორებია, პირველ რიგში, ხარისხი. ასევე, არის გარემოებები, რომლებიც უკავშირდება საექსპორტო ბაზარზე თხილის მოთხოვნას. წელს, თხილზე სხვადასხვა ფაქტორის გამო, თხილზე ფასი დაბალი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ, რომ მეტი საშუალება გქონდეთ, გააუმჯობესოთ მოსავლის ხარისხი და გააუმჯობესოთ შემოსავალი", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თხილის ექსპორტი შემცირდა - მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროპული ქვეყნებია

შეგახსენებთ, თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გასულ თვეს პრემიერმა ღარიბაშვილმა წარადგინა. სუბსიდირების პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ის ითვალისწინებს სუბსიდიის სახით ფინანსური დახმარების გაცემას იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც აქვთ 0,2 ჰა-დან 3-ჰას ჩათვლით თხილის ბაღი.

სუბსიდიის მოცულობა განსაზღვრულია 500 ლარით, ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით. დახმარება გაიცემა აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით, რომლებსაც ფერმერები გამოიყენებენ სპეციალიზებულ მაღაზიებში თხილის მოვლა-მოყვანისათვის საჭირო პროდუქციის შესაძენად.

მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამაში მონაწილეობას დაახლოებით 100,000 ფერმერი მიიღებს. პროგრამის განხორციელების შედეგად 40,000 ჰა-ზე ხარისხიანი თხილის წარმოებისათვის მოვლა-მოყვანის საშუალებები დაფინანსდება.