13.სექტემბერი .2019 18:40

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია: თხილის მოსავალი და ფასი სამჯერ გაიზარდა

views 1999
უკან

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით თხილის ფასი და მოსავალი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.

აღნიშნული მონაცემები ასოციაციამ თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში შეაჯამა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განახორციელა. ამ ასოციაციაში 15 ათასი ფერმერია გაწევრიანებული, რომლებიც საერთო ჯამში, 17 ათას ჰექტარ ფართობს ფარავენ.

პროექტის ფარგლებში, ასოციაციის კონსულტანტებმა ფერმერებთან 2000-მდე შეხვედრა გამართეს.

"როგორც გაირკვა, ყველაზე რთული ფერმერის ბაღის შეწამლასა და მოვლაზე დათანხმება აღმოჩნდა. ბოლო დროს გავრცელებულმა დაავადებებმა და აზიურმა ფაროსანამ ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა და უიმედო სიტუაციაში ჩააგდო, თუმცა ქმედითმა და თანმიმდევრულმა ღონისძიებებმა, კონსულტაციებმა და ასოციაციის თანამშრომლების მუდმივმა მონიტორინგმა ფერმერებს თხილზე ზრუნვა დააწყებინა.

მართალია, გეგმა 10 000 ფერმერის გაერთიანება იყო და პროგრამაში სულ 15000-მდე ფერმერი ჩაერთო, მაგრამ საქართველოში სულ რეგისტრირებული მეთხილეების რიცხვი 65000-ს აჭარბებს. შესაბამისად, ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომავალი წლის მიზნად - ინდუსტრიის სრულად დაფარვას ისახავს.

სამომავლო გეგმებში თხილის ჯამური შემოსავლის ერთ მილიარდ ლარამდე გაზრდა და საშუალოდ 100 ათასი ტონა მაღალი ხარისხის თხილის მიღებაა", - განმარტავენ ასოციაციაში.

თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტს ასოციაცია მარტის დასაწყისიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის, CNFA-სა და Ferrero-ს ჯგუფის მხარდაჭერით ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა