მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თხილის საშუალო მოსავლიანობა და ხარისხი ძალიან დაბალია“– „მეთხილე ფერმერთა ასოციაცია“

6405db35e60a6
თინათინ ნატმელაძე
07.03.23 01:00
729
„საქართველოში თხილის პლანტაციების საშუალო მოსავლიანობა ძალიან დაბალია. იმ ოთხ ქვეყანასთან შედარებით, რომელიც თხილს აწარმოებს, ჩვენი მოსავლიანობა ყველაზე მცირეა“, - ამის შესახებ „მეთხილე ფერმერთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შეროზიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისივე ცნობით, მთლიანი მოსავლის საშუალო რაოდენობა ერთ ტონას შეადგენს, ხოლო კომერციული ბაღების საშუალო მოსავლიანობა შედარებით მაღალია და 2-4 ტონას შორის მერყეობს.

ასოციაციის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსავლის დაბალ რაოდენობასთან ერთად დაბალია პროდუქტის ხარისხიც, ამის მთავარ გამომწვევ მიზეზად კი ფაროსანას ასახელებს.

„ძირითადი პრობლემა გვაქვს მცირე მიწიანი ფერმერების შემთხვევაში, როცა პროდუქტი ყველა კომპონენტით დაბალ ხარისხიანია ყველა თხილის მწარმოებელ ქვეყანასთან შედარებით, იქნება ეს თურქეთი, ამერიკა, იტალია თუ ჩილე. ბევრი ფაქტორი განაპირობებს ამას, მაგრამ მე მაინც ფაროსანას ეფექტს გამოვყოფდი, რომელსაც 2016 წლიდან მოყოლებული ვებრძვით და ამ მწერმა სრულად შეცვალა თხილის ხარისხი საქართველოში. ფაროსანას ეფექტი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იგრძნობა, რადგან იქ ზუსტად ისეთი კლიმატია, როგორიც მის გასამრავლებლადაა საჭირო, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ კახეთში შედარებით უკეთესი ხარისხის თხილი იწარმოება,“ - განაცხადა ოთარ შეროზიამ.

ფერმერი ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფომ განსხვავებული მექანიზმებით უნდა იმუშაოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრიდან სახელმწიფომ თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი პროგრამა აამოქმედა, რომლის საშუალებითაც მეთხილე ფერმერები ბაღების კადასტრში დარეგისტრირებას და 2023 წლიდან სუბსიდირების მიღებას შეძლებენ - კერძოდ, ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში 0.2 ჰა-დან 3 ჰა-მდე თხილის ბაღი უნდა ჰქონდეს. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით 500 ლარით განისაზღვრება, რომლის გამოყენებასაც აგრო მაღაზიებში სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად შეძლებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მეთხილე ფერმერთა ასოციაციის“ დირექტორი აცხადებს, რომ სუბსიდირების მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფერმერებისთვის და მათი პროდუქციის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.