მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილზე მოთხოვნა 2019-2020 წლებთან შედარებით გაიზარდა - NUTS.GE

609bbce5185cb
ინგა მურუსიძე
15.05.21 23:00
1061
ქართული თხილის მწარმოებელი კომპანია NUTS.GE-ის დამფუძნებელი მამუკა ბერიაშვილი bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, წელს თხილის რეალიზაცია იმაზე მეტი იყო, ვიდრე 2019-2020 წლებში.

"სეზონის დახურვამდე ორ თვეზე მეტი გვრჩება. გასულ წელთან შედარებით სეზონი გაცილებით უკეთესი იყო. პანდემიის დაწყებისას ყველაზე მთავარ გამოწვევად რჩებოდა ლოგისტიკა, რადგან ზოგიერთი ქვეყანა დაიხურა მთლიანად. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობდით მოვრგებოდით არსებულ პანდემიურ სიტუაციას, მაგრამ ასე თუ ისე ადაპტირება მოვახდინეთ.

ზოგადი მაჩვენებლებით, მოცულობა გაიზარდა როგორც მოსავლის, ისე ექსპორტის მაჩვენებლის. წელს ალბათ ლოგისტიკიდან და პანდემიიდან გამოდინარე, მსოფლიო საბაზრო ფასთან მიმართებით ქართული საბაზრო ფასი მაინც დაბალი დაფიქსირდა. 1 მარტის მდგომარეობით, საშუალოდ დაფიქსირებული იყო $5.33, მაშინ როცა ახალ წლამდე ფასი $6,5-ზე მეტი იყო", - განაცხადა მან.

ბიზნესმენი თხილის ფასის თითქმის ერთდოლარიანი შემცირების ერთ-ერთ მიზეზად გართულებულ ლოგისტიკას ასახელებს. თუმცა, მისივე თქმით, არის სხვა მიზეზებიც, მაგალითად ის, რომ ქვეყანაში იაფი ფულის რესურსები არ არის.

"საქართველოში საბრუნავი კაპიტალი ძალიან ძვირია და თითოეულ ექსპორტიორს მოლაპარაკება უწევს სწრაფი გადახდის პირობებზე, რაც შეიცავს გარკვეულ რისკებს და ა.შ. ჩემი პირადი მოსაზრებით, სწორედ სწრაფი გადახდის მექანიზმმა გამოიწვია ფასის შემცირება. ამას ერთვის პანდემიური პერიოდი, ვალუტის კურსის ცვალებადობა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ბერიაშვილის თქმით, წელს ქართული თხილისთვის მთლიანად ჩაიკეტა ჩინეთის ბაზარი, რაც სერიოზული პრობლემა იყო.

"წელს უფრო მეტად ვიმუშავეთ დსთ-ს და არაბული ქვეყნების მიმართულებით. პანდემიამ დაგვაყენა განსხვავებული რეალობის წინაშე, 2020 წელს უკვე დავიწყეთ ბაზრების დივერსიფიცირება და ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოვრგებოდით არსებულ სიტუაციას. ახლა მოლაპარაკებები გვაქვს რუსეთსა და ევროპაში სადისტრიბუციო კომპანიებთან, რათა ისინი ჩვენი პროდუქციის დისტრიბუტორები სრულად გახდნენ. ასევე ვმუშაობთ ჩინეთის მიმართულებით, ამ ბაზარზე ალბათ ცოტა უფრო მოგვიანებით გავალთ", - განმარტა მან და დასძინა, რომ ქართული პრემიუმ-თხილის მოხმარებაზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდა.

"შესაძლოა ჩვენ თვითონაც მეტი ინტერესი გამოვხატეთ ადგილობრივი ბაზრის მიმართ, მაგრამ ბაზარმაც მოითხოვა პრემიუმ პროდუქცია. ქართული ჩაის მწარმოებელი ბრენდი "მანასთავის" ვამზადებთ პრემიუმ ხარისხის ბლანშირებულ თხილს, ასევე არის ნაყინის კომპანია "ლიდერი", რომელიც გვიკვეთავს პრემიუმ-ხარისხის პროდუქციას", - აღნიშნავს მამუკა ბერიაშვილი.

მწარმოებლის ინფორმაციით, წელს ადგილობრივ ბაზარზე თხილის ფასი არ გაზრდილა. ცნობისთვის, ქართული თხილის მწარმოებელი კომპანია NUTS.GE ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს.