მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხოვნა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოწოდებები საელჩოებს, - რას გეგმავს მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის

5e3179794862c
ინგა მურუსიძე
29.01.20 16:25
993
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა დაამტკიცა.

პრემიერის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას დაევალა საკუთარი ასიგნებებიდან უზრუნველყონ ღონისძიებების დაფინანსება; ასევე დაევალა ფინანსთა სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტროსთვის დამატებითი ფინანსური რესურსის საჭიროების შემთხვევაში(მათ შორის, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან) სათანადო ასიგნებების გამოყოფა.

რაც შეეხება მთავრობის გეგმას:

ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან ერთად უზრუნველყოფს:

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების კოორდინაციას ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობით; ექსპერტების ჩართულობით შემთხვევათა მართვის პროტოკოლის შემუშავებასა და განახლებას; სკრინინგის განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში; კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის მიზნით, შემთხვევებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელებას; საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო/დადებითი ნიმუშების გადაგზავნის ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) რეფერალურ ლაბორატორიაში კონფირმაციისა და დამატებითი კვლევებისთვის; შემთხვევათა შემდგომ დაუყოვნებლივ ევაკუაციას; საეჭვო და /ან დადასტურებული შემთხვევის მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების იდენტიფიცირებასა და რეფერალის მექანიზმის ამოქმედებას; სამედიცინო პერსონალს, ეპიდემიოლოგებსა და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, ჯანმოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით; კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ინფექციის კონტროლის ზომების გამკაცრებას; შესაძლო შემთხვევის გამოვლენისთანავე, საქართველოს მთავრობის დაუყოვნებლივ ინფორმირებას, "განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინცინდეტებზე რეაგირების გეგმის" ამოქმედების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:

საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიების კოორდინირებასა და სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას; პაციენტების ტრანსპორტირებისას, სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობაში დახმარებას; კორონავირუსის დაავადების კერის იზოლაციასა და საკარანტინო ღონისძიებებს; საზოგადოებრივი წესრიგისა და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთოების დაცვას;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს:

კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრებისთვის ქვეყანაში შემოსვლისას "სამახსოვროს" დარიგებას, კომპეტენციის ფარგლებში; კორონავირუსის გავრცელების არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი გამშვები პუნქტების გავლით შემოსულ მგზავრთა მართვას: მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, თოთოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური ინფორმაციის ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას; სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად; სკრინინგის დროს გამოვლენილი შემთხვევების დაუყოვნებლივ, ადგილზე იზოლაციას; ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას ეროვნული ცენტრისთვის.

სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს:

კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრებისთვის ქვეყანაში შემოსვლისას "სამახსოვროს" დარიგებას, კომპეტენციის ფარგლებში; სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას, შემოსვლის მახასიათებლების, საკონტაქტო ინფორმაციისა და გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის მითითებით.

ეთხოვოს სსიპ - საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიების შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თავის სისტემაში შემავალი სხვა შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს:

ტურისტთა და მოგზაურთა ინფორმირება კორონავირუსის გადაცემის რისკებისა და საჭირო ქმედებების შესახებ; სკრინინგის ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართვა უწყებებს შორის შეთანხმებული პროტოკოლის ფარგლებში; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებითი შეწყვეტა ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე. აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია, გადახედილ იქნას ეპიდსიტუაციის რისკების გათვალისწინებით, სამინისტროს მითითების შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოს:

შესაბამისი საელჩოების ინფორმირებას მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მათი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის ინფექციის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული დამატებითი რეგულაციების თაობაზე; საზღვარგარეთ ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ქვეყანაში ავადობასთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას; საქართველოს მთავრობის ინფორმირებას კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი მსაქართველოს მოქალაქეებისა და ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დადგენის შემთხვევების შესახებ.