მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულში 15-მდე მაღაროელი პროტესტის ნიშნად შახტში ჩავიდა - მათ მოთხოვნებზე პროფკავშირები საუბრობს

5d89c680eb217
ლიკა გურაბანიძე
24.09.19 11:48
858
გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, დღეს დილიდან ტყიბულში 15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს.
 

„როგორც საქართველოს პროფკავშირებს აცნობეს, თანხების სრულად აკუმულირება მიმდინარეობს და დაახლოებით, 2-3 დღეში ეს თანხები ხელფასების სახით გაცემული იქნება“  - ამბობს bm.ge-ისთან გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. 


ამასთან, ის იმ დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც ტყიბულის შახტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გერმანელ ექსპერტებს უნდა მოემზადებინათ. 


„ხელფასი მნიშვნელოვანი საკითხია და მეშახტეები ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასს, როგორც უმუშევრობის კომპენსაციას იღებენ. თუმცა, ამასთან მნიშვნელოვანია ის დასკვნა, რაც საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტებმა დადეს, აქ საუბარი ერთადერთ საკითხზე იყო - შესაძლებელია თუ არა დღეს, ხვალ ან ზეგ, ან გარკვეული ინვესტიციის ჩადების შემდეგ ტყიბულის შახტებში მუშაობა უსაფრთხო იყოს. 


ჯანდაცვის სამინისტროს ეს დასკვნა აქვს და სამწუხაროდ, გრიფი "საიდუმლო" ადევს. პროფკავშირებსაც კი, ამ დასკვნასთან წვდომა არ აქვთ. ალბათ გერმანელებმა ისეთი საშინელი დასკვნა დაწერეს, რომ გამოსავალს სახელმწიფო ამ კუთხით ვერ პოულობს. ეს ძალიან სამწუხაროა. ეს არის სწორედ დიალოგის არქონა მეშახტეებთან და პროფკავშირებთან, რომ მათთან ერთად იქნებ უკეთესი გამოსავალი იყოს მოფიქრებული. ახლა ჯანდაცვის სამინისტროში სხედან და ფიქრობენ, როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა", -  განაცხადა პეტრიაშვილმა.


გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ეჭვობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გერმანელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას შეგნებულად არ ასაჯაროებს.