მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყის ახალი კოდექსით საპატრიარქოს უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები - სამინისტრო

5ec5463b5a305
თელარა გელანტია
20.05.20 18:59
1679
პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

კანონ-პროექტი საკანონმდებლო ორგანოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა.

მომხსენებელმა კიდევ ერთხელ გაიხსენა კოდექსის პროექტის თითქმის ერთწლიანი განხილვის ისტორია და პარლამენტის კომიტეტს მადლობა გადაუხადა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. მისი განცხადებით, ძალიან ბევრი შესწორება შევიდა პროექტში, მრავალი კონცეპტუალური საკითხის კორექტირება მოხდა და დღეს კოდექსი, ფაქტობრივად, იმ კონდიციამდეა მიყვანილი, რაც შეასრულებს ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნის ტყეების სამომავლო განვითარების და ბუნების დაცვის საქმეში.

გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა საპატრიარქოს თემასთან დაკავშირებით. თანდილაშვილი ირწმუნება, რომ კანონპროექტის განხილვის პერიოდში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მთავრობა მიზანმიმართულად აპირებს არჩევნების წინ საპატრიარქოს გადასცეს ტყეები და საკუთრების უფლება მათზე.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონით საპატრიარქოს, თუ კი მიეცემა გარკვეული რაოდენობის ტყეები ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რომელთა დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება ამ კოდექსით და ახალი კანონმდებლობით, ვიდრე უფლებები. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ სხვა ვალდებულებებს, ისეთს, რომლებიც სხვა დანარჩენ ტყით მოსარგებლეებს დაეკისრებათ, რომლებიც ტყის გარკვეულ ტერიტორიებს სხვადასხვა მიზნებისათვის მიიღებენ სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისი თქმით, ამგვარად სპეკულაციები, თითქოს ტყის ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცემა საპატრიარქოს, არის მორიგი ტყუილი და შეურაცხყოფა ყველა მათი, ვინც ერთობლივად გაწია შრომა ამ კოდექსის საბოლოო კონდიციამდე მიყვანის საქმეში.

„პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება, რომ მან ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ სახელმწიფოსგან მიიღოს და ისარგებლოს ისევ და ისევ იმ მიზნებისთვის, რომ იმ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ტყის ფონდში ისტორიულად განთავსებული გახლავს, მოუაროს, უპატრონოს და ჩვენ ეს შევუნახოთ მომავალ თაობებს. ეს არის ასახული კანონში ცალსახად. ამ კანონის მთავარი მიზანი გახლავს ის, რომ ჩვენ უკეთესად მოვუაროთ იმ მნიშვნელოვან რესურს, რაც გვაქვს - 40%-ს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი რესურსი ეკოსისტემური თვალსაზრისითაც, და ცხადია მას თავისი ეკონომიკური ღირებულებაც გააჩნია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა, განხილვებისას გამოთქმული იყო რედაქციული ხასიათის შენიშვნები, რომლებიც ასახულია პროექტში.