25.ნოემბერი .2021 12:44

უარი ვთქვით, დავსწრებოდით მოსამართლეთა გასაუბრებას – ჰარცელი მთავრობას აკრიტიკებს

უარი ვთქვით, დავსწრებოდით მოსამართლეთა გასაუბრებას – ჰარცელი მთავრობას აკრიტიკებს
views 802
უკან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების გასაუბრება იმართება. მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომლის თქმითაც EU-ს წარმომადგენლობამ პარლამენტიდან მიიღო შემოთავაზება, დასწრებოდნენ მოსამართლეთა გასაუბრების პროცესს, რაზეც საელჩომ უარი განაცხადა. ამასთანავე, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ეს პროცესი არ არის შესაბამისობაში 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან.

“ჩვენ უარი ვთქვით მოსამართლეთა გასაუბრებაზე დასწრებაზე, რადგანაც ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რაც ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ. ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არაა თანხვედრაში 19 აპრილის შეთანხმებასთან და არც იმ წინაპირობებთან, რომლებიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების მიღებისთვის. არის ნაკლოვანებები თქვენს კანონმდებლობაში და მნიშვნელოვანია, რომ ის დაიხვეწოს და მოვიდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. ჩვენ ამასთანავე ვიცნობთ ეუთოს ოდირის შეფასებებს თავად მოსამართლეთა ნომინაციებისა და დანიშვნის პროცესის შესახებ,”- აცხადებს კარლ ჰარცელი.

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას სასამართლო რეფორმაზე უარის თქმის გამო უკვე არაერთი თვეა აკრიტიკებს. სწორედ სასამართლო რეფორმის განუხორცეიელბლობას უკავშირდებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის 31 აგვისტოს განცხადება, რომ საქართველო ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებას ისედაც ვერ მიიღებდა, რადგანაც ქვეყანას ამ დახმარების მიღებისთვის საჭირო სასამართლო რეფორმა არ ჰქონდა განხორციელებული. შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ აგვისტოს ბოლოს “უარი თქვა” ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე და ეს “ვალის შემცირების” არგუმენტით გაამართლა.