მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი არ შემცირდება

618e5c7b3e54e
ეგნატე შამუგია
12.11.21 19:00
1811
წინა პერიოდის მსგავსად, ნავთობის ბაზრის მაჩვენებლების ნოემბრის თვის პროგნოზებიც მაღალი გაურკვევლობის ფონზეა მომზადებული, რაც „დიდი ჩაკეტვის“ კრიზისის შემდეგ, მიმდინარე აღდგენის პროცესს უკავშირდება. ასეთ პირობებში, ნოემბრის თვეში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 82.0 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან მიმართებით არ შეცვლილა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, ოქტომბერში ბრენტის ტიპის ბარელ ნედლ ნავთობზე საშუალოდ ფასი 83.5 აშშ დოლარი იყო, რაც ოქტომბრის დასაწყისის საპროგნოზო მაჩვენებელს 2.5 დოლარით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ბარელ ნედლ ნავთობზე ფასი, მის ნომინალური გამოხატულებაში, 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალია.
 
წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში ბარელ ნედლ ნავთობზე ფასი 9.1 აშშ დოლარით მეტია, ხოლო წლიურ ჭრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით ფასი საშუალოდ 43.4 დოლარითაა გაზრდილი. 2020 წელს ნავთობის ფასი საშუალოდ 41.8 აშშ დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი, 18.4 დოლარი კი აპრილის თვეში ღირდა, როცა უმეტეს ქვეყნებში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო მობილობა მკვეთრად დაეცა. მიმდინარე წელს კი მწარმოებლებისთვის ფასის კუთხით მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესებულია.

ნავთობზე მაღალი ფასები მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება. დეკემბერში ბარელზე ფასის საშუალოდ 81.0 აშშ დოლარითაა ნავარაუდევი, ხოლო 2020 წლის პირველ კვარტალში საპროგნოზო ფასი ბარელზე საშუალოდ 78.3 აშშ დოლარია. მიუხედავად იმისა, რომ 4 ნოემბერს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე კვლავ დადასტურდა ნავთობმოპოვების გაზრდილი პარამეტრები, კერძოდ, დეკემბერში ნავთობმოპოვების დღეში 400 000 ბარელამდე გაზრდა, მომდევნო პერიოდში ფასების მაღალ ნიშნულს ნავარაუდევი მაღალი მოთხოვნა განაპირობებს. ასეთებს შორისაა ზამთრისთვის აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ბუნებრივი გაზის ჩანაცვლება ნავთობპროდუქტებით, რომლის ბიძგი ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრი ზრდა აღმოჩნდა. გარდა ამისა, ნოემბერში რამდენიმე ქვეყნის მიერ საერთაშორისო და სამოგზაურო შეზღუდვები მოხსნა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის კუთხით აისახება.

გრაფიკი 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 98.9 მლნ ბარელი შეადგინა, რაც ოქტომბრის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.2 მლნ ბარელით აღემატება. აღნიშნული გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.5 მლნ ბარელით მეტია, მაგრამ პანდემიამდე, 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით 1.9 მლნ ბარელით ნაკლები. ამავდროულად, მიმდინარე პერიოდის პროგნოზები, წინა პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების მოხმარების ნაწილში გაუმჯობესებულია. ამის მიზეზი კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, რიგი შეზღუდვების მოხსნა და ჩანაცვლების ეფექტი - ბუნებრივი გაზის ფასის ზრდა და მოლოდინებია. მიმდინარე წლის ნოემბრისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 99.9 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, ხოლო დეკემბერში ეს მაჩვენებელი 101.5 მლნ ბარელია. მომდევნო თვის საწვავის მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებელი, ოქტომბრის პერიოდში არსებულ პროგნოზებთან შედარებით, საშუალოდ 0.1 მლნ ბარელით გაზრდილია. 2022 წლის პირველ კვარტალში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიური მოხმარება 99.9 მლნ ბარელი იქნება, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 5.2 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო გასულ წლის დონეს კი - 4.0 მლნ ბარელით. 2019 წელის პირველ კვარტალში საწვავის დღიური მოხმარება საშუალოდ 100.2 მლნ ბარელი იყო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.3 მლნ ბარელით აღემატება.

ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ეს გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება. ამ ქვეყნების ეკონომიკების ბირთვი კი სწორედ ნავთობის ინდუსტრიაა. არსებული პროგნოზებით, მიმდინარე წლის ბოლო კვარტლის აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.7 მლნ ბარელია, რაც 2022 წლის პირველ-მეორე კვარტალში, გაზრდილი ნიშნულით, 0.8 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული. მზარდი დინამიკაა რუსეთის წარმოების პროგნოზებში. მიმდინარე წლის ბოლო პერიოდის დღიური საშუალო წარმოება 11.2 მლნ ბარელია, რაც მომდევნო წლიდან ზრდის მიმართულებითაა ნავარაუდევი. კერძოდ, პირველ კვარტალში რუსეთში მოპოვების დონე დღეში საშუალოდ 11.3 მლნ ბარელია, ხოლო მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 11.5 მლნ ბარელამდე გაიზრდება.

ამდენად, წლის ბოლოს და 2022 წლის პირველი ნახევრისთვის ნავთობის ბაზრის მაჩვენებლები მაღალი ნიშნეულებითაა პროგნოზირებული, მაგრამ პროგნოზები კვლავ მაღალი განუსაზღვრელობის პირობებშია მომზადებული. თუკი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რადიკალურად არ გაუარესდა, ნავთობინდუსტრიის კუთხით, რეგიონში შედარებით კარგი მდგომარეობაა შენარჩუნდება. რუსეთის და აზერბაიჯანის მიერ საშუალოვადიან პერიოდში წარმოების ზრდა და ნავთობზე ფასების მაღალი ნიშნულები ეკონომიკებზე და მათ შორის, ამ ქვეყნების ეროვნული ვალუტების გამყარებაზე დადებითად აისახება, რაც საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურების საგარეო მოთხოვნის ზრდაში აისახება.