03.დეკემბერი .2019 19:40

უჭერს თუ არა მხარს ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენას

views 739
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის აუცილებლობას ვერ ხედავს.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმის შედეგად წარმოქმნილ ფუნქციებსა და ვალდებულებებს ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი გაინაწილებენ.

"იმ კანონების მიხედვით, რაც განვიხილეთ, განსაკუთრებით საუბარია, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალ კანონზე, გაწერილია ის ფუნქციები, რომელიც მომავალი წლიდან სხვადასხვა უწყებას ექნება ენერგეტიკის სფეროში. იმ ამოცანების და ფუნქციების დიდი ნაწილი, რაც ადრე ჰქონდა ენერგეტიკის სამინისტროს და ახლა აქვს ეკონომიკის სამინისტროს, სხვა ორგანიზაციებზე გადანაწილდება, მათ შორის - სემეკზე და ის ფუნქციები, რაც დარჩება - საუბარია პოლიტიკის განსაზღვრაზე, მიწოდების უსაფრთხოებაზე, ჩვენ ვთვლით, მათი შესრულება შეეძლება სრულად ეკონომიკის სამინისტროს და ჩვენ არ ვხედავთ იმის აუცილებლობას ამ ეტაპზე, რომ ენერგეტიკის სამინისტრო რაღაც ფორმით იქნას აღდგენილი", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.