მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელ ინვესტორებს რუსული აქტივებიდან გასვლა შეეზღუდებათ - რუსეთის პრემიერი

621e1f57bb2dc
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.22 17:33
1725
რუსული აქტივებიდან უცხოელი ინვესტორების გასვლა შეიზღუდება. ამის შესახებ სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკის მხარდასაჭერის საკითხებზე გამართული შეხვედრისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, უცხოელი ინვესტორებისთვის აღნიშნული დროებითი შეზღუდვის შემოღების შესახებ პრეზიდენტის ბრძანების პროექტი მზადდება. რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ის ინვესტორები, რომლებიც რუსეთში ბიზნესის გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, სანქციების ზეგავლენის შემცირების შემდეგ მოგებულნი დარჩებიან.

„ჩვენ უცხოურ ბიზნესს, როგორც პოტენციურ პარტნიორებს ისე განვიხილავთ და ინვესტორებთან თანამშრომლობისთვის კონსტრუქციულად განწყობილი და ღია ვართ. ბევრი ასეთი კომპანია დიდი ხნის განმავლობაში, წარმატებით მუშაობს ჩვენს ბაზარზე. მათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნეს. ჩადეს დრო და რესურსები თავის პროექტებში, რომ ისინი სრული სიმძლავრით აემოქმედებინათ. გამართეს ლოგისტიკური ჯაჭვი.

მიმდინარე სანქციების პირობებში, ინვესტორები არა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე მოქმედებენ, არამედ გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ იღებენ. იმისთვის, რომ ბიზნესს გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მივცეთ, მომზადდა პრეზიდენტის ბრძანების პროექტი უცხოელი ინვესტორების რუსული აქტივებიდან გასვლის დროებითი შეზღუდვის შესახებ. იმ გათვლებით, რომ მათ, ვინც ფული ჩვენს ქვეყანაში ჩადეს, ჩვენთან მუშაობას მომავალშიც შეძლებენ. დარწმუნებული ვარ, სანქციების ზეგავლენა შემცირდება და მოგებული ის ბიზნესმენები დარჩებიან, ვინც ჩვენს ქვეყანაში თავის პროექტებს უცხოელი პოლიტიკოსების ლოზუნგების გავლენის გამო არ დახურავენ. როგორც პრაქტიკა უჩვენებს, ბაზრიდან გასვლა მარტივია, მაგრამ დაბრუნება იმ ადგილზე, რომელიც კონკურენტების მიერ მჭიდროდაა დაკავებული, უფრო რთულია“, - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

მისივე თქმით, იმპორტჩამნაცვლებელი წარმოებებისთვის არსებულ პირობებში სხვადასხვა ხელშეწყობის მექანიზმი მომზადდება.