მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი ინვესტორი რომ ვიყო, ეს პროცესები ინვესტირების სურვილს არ გამიღვიძებდა - გია პეტრიაშვილი

64010be66271f
ალა ისპირიანი
03.03.23 00:40
876
2 მარტს, პარლამენტში, "აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, პარლამენტის ორმა კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტებს მხარი მაინც დაუჭირა.

გადაცემა #წერტილის წამყვანმა თელარა გელანტიამ განვითარებულ მოვლენებზე BMGTV-ის ეთერში რამდენიმე კითხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის“გენერალურ დირექტორს, გია პეტრიაშვილს დაუსვა.

- ბატონო გია, როგორც ბიზნესმენს ან როგორც რიგით მოქალაქეს რა კითხვები გიჩნდებათ, როდესაც ამ ყველაფერს უყურებთ?

- მე, როგორც ბიზნესმენი? ვცდილობ დისტანცირებული ვიყო პოლიტიკისგან, მაგრამ როგორც მოქალაქე, ნამდვილად ვერ ვიქნები დისტანცირებული. ამ კანონპროექტების შინაარსს დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა იმ ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, რაც მედიიდან ყველას გვესმის და გვესმის ის, რომ ევროკავშირის მეთაურები, საქართველოში მყოფი ელჩები ნეგატიურად აფასებენ ამ კანონპროექტის ინიცირებას, ვფიქრობ, ეს არ შეუწყობს ხელს ჩვენს მთავარ მიზანს, რაც არის ევროკავშირში ინტეგრირება, რაც ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა, რისთვისაც არავინ უნდა ვიშურებდეთ ძალას და ღონეს.

- ეს პროცესები რამდენად აზიანებს ბიზნესგარემოს?

- ჩვენი კომპანია (ემბისი) ერთ-ერთია, რომელიც აქტიურად იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, ჩვენი დაფინანსების თითქმის ნახევარი საერთაშორისო ფონდებიდან მოზიდული სახსრებია. როგორც კომპანიის ხელმძღვანელს პირდაპირი კომერციული და ბიზნესინტერესი მაქვს, რომ საქართველოში ინვესტირება გაგრძელდეს. მიმაჩნია, რომ პირდაპირი ინვესტიციები არ არის საკმარისი ოდენობით; დასამალი არ არის, რომ ის იმ ნიშნულზე არ არის, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას გაუხარდებოდა. თავს ვაყენებ ნებისმიერი უცხოელი ინვესტორის ადგილას და ნამდვილად არ გამიღვიძებდა (ეს პროცესები) ინვესტირების სურვილს და უფრო დამაფიქრებდა…

ალბათ ინვესტორების უმრავლესობა არ დაიწყებს დეტალებში შესვლას, რომელი მხარეა მართალი… ის ხედავს, რომ დაპირისპირებაა და არასტაბილურობაა. ყველა ინვესტორი, პირველ რიგში, ეყრდნობა საკუთარი საელჩოს, მთავრობის რეკომენდაციებს - ეს დაუწერელი ოქროს კანონია და თუ ჩვენ ელჩების მხრიდან უარყოფითი შეფასებები გვესმის, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს უარყოფითი შეფასება ინვესტორებს ამ ქვეყანაში ინვესტირების ინტერესს გაუღვივებს.

- მესმის, რომ ბიზნესი დისტანცირებას ცდილობს პოლიტიკისგან, მაგრამ ამ პროცესებს ევროკავშირისკენ, იმ 12 პუნქტის შესრულებისკენ მივყავართ?

- საქართველოში ვერ წარმომიდგენია მეწარმე, რომელსაც არ უნდა მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში, რადგან მეწარმეობა თავისი ბუნებით თავისუფლებასთან, თავისუფალ არჩევანთან არის დაკავშირებული და ეს დღეს ცივილურ დასავლურ სამყაროსთან არის გაიგივებული, ამიტომ ყველაფერი ის, რაც ამ მთავარ მიზანს აზიანებს, ვფიქრობ, ბიზნესგარემოსაც აზიანებს.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.