10.ივნისი .2021 22:12

უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია მზარდია - "ამბასადორი ჯგუფი"

უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია მზარდია - "ამბასადორი ჯგუფი"
views 238
უკან

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სასტუმრო ბიზნესი მიმდინარე ტურისტულ სეზონს იმედით უყურებს და მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნის, რეგულაციების შემსუბუქებისა და ავიარეისების ზრდის ფონზე საქართველოს მეტი უცხოელი ტურისტი ეწვევა. "ამბასადორი ჯგუფშიც" ამბობენ, რომ უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია იზრდება.

"ჩვენი სასტუმროების ქსელი რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს. "ამბასადორი თბილისი" სრულად გათვლილია უცხოელ ტურისტებზე, ხოლო "ამბასადორი კაჭრეთი" გათვლილია, როგორც უცხოელ ასევე ადგილობრივ ტურისტებზე. რაც შეეხება მოლოდინებს, თუ კი არსებულ ტენდენციებს დავაკვირდებით, რეგულაციების შემსუბუქების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნისა და ავიარეისების რაოდენობის ზრდის ფონზე უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია ზრდადია. იმედი გვაქვს, რომ ტურისტული ნაკადები კიდევ გაიზრდება და ზაფხულის ტურისტული სეზონის შუაპერიოდში ძალიან აქტიური სეზონი და მაღალი დატვირთულობა გვექნება.

თუკი არსებულ მონაცემებს 2020 წელის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შევადარებთ, ზრდა მართლაც თვალშისაცემია. თუმცაღა, პანდემიის ფონზე შედარების ნიშნულად 2020 წლის მაჩვენებლები არ უნდა მივიღოთ. შარშან ამ დროს სასტუმროები ფაქტობრივად გაჩერებული იყო და ცხადია 2020 წელთან შედარებით მაღალი ნიშნული ფიქსირდება.

ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მაინც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებაა, რადგანაც 2019 წლის ამ პერიოდში სრული დატვირთვით ვმუშაობდით და ძალიან ბევრი უცხოელი დამსვენებელი გვყავდა. ჯერჯერობით 2019 წლის ნიშნულს არ მივახლოებულვართ, თუმცა მოლოდინები საკმაოდ იმედის მომცემია", - აცხადებს "ამბასადორი ჯგუფის" მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.

როგორც ნადიბაიძე ამბობს, COVID-პანდემიამ ტურისტების ქცევები მნიშვნელოვნად შეცვალა.

"პანდემიამ ძალიან შეცვალა ადამიანის ჩვევები მოგზაურობასთან დაკავშირებით. თუ ადრე ადამიანები მოგზაურობას წინასწარ გეგმავდნენ და სასტუმრო ნომრებს 4-5 თვით ადრე ჯავშნიდნენ, დღეს ეს ყველაფერი შეცვლილია. ეპიდემიოლოგიური ვითარების არასტაბილურობის გამო სიტუაცია არაპროგნოზირებადია. ქართველების მსგავსად უცხოელებიც ერიდებიან ხანგრძლივვადიანი გეგმების დასახვას და ჯავშნები ძირითადად ერთი კვირით ადრე შემოდის, რადგანაც ერთი კვირით ადრე მარტივია იმის პროგნოზირება, რაიმე შეიცვლება თუ არა, ვიდრე 4-5 თვით ადრე.

იმედი გვაქვს, რომ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება და რეგულაციების შემსუბუქებისა და ავიარეისების ზრდის ფონზე, მალე დავუბრუნდებით ძველ ნიშნულს. თუმცა არც ძველ ნიშნულზე დაბრუნება არაა მთავარი მიზანი - მთავარი მიზანია ზრდა და განვითარება", - აცხადებს ნინო ნადიბაიძე.

"ამბასადორი ჯგუფის" მარკეტინგის მენეჯერის თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კომპანიაში არსებული თუ ახალი ბაზრების ათვისებაზე.

"ვთანამშრომლობთ შემომყვან ტუროპერატორებთან და საერთაშორისო კუთხითაც აქტიურები ვართ, რომ საერთაშორისო ბაზარზე კარგი პარტნიორები გვყავდეს და რეკლამა გვქონდეს". ამბობს ნადიბაიძე.

ცნობისთვის, "ამბასადორი თბილისი" 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა და აქცენტი მაღალშემოსავლიან ტურისტებზე კეთდება.

"ძველ პერიოდს თუ გავიხსენებთ, სასტუმროში "ამბასადორი თბილისი" სტუმრების ძირითადი რაოდენობა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ისრაელიდან მოდიოდა. ამჟამინდელი დინამიკითაც ამ ქვეყნებიდან იგივე მოთხოვნაა.

"ამბასადორი კაჭრეთის" მაგალითზე კი გეტყვით, რომ ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, ადგილობრივი ტურისტები უფრო აქტიურად დაინტერესდნენ ჩვენი სერვისებით. საზღვარგარეთ წასვლის შეუძლებლობის გამო უფრი აქტიურად მოგზაურობდნენ ქვეყნის შიგნით. საკმაოდ დატვირთვით ვიმუშავეთ მთელი წელი.

თუ ადრე ზამთრის სეზონი შედარებით დაბალი დატვირთულობით ხასიათდებოდა, წელს ეს შეიცვალა და ზამთრის სეზონიც საკმაოდ დატვირთული გვქონდა", - ამბობს "ამბასადორი ჯგუფის" მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა