მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოს ფასიან ქაღალდებში დაბანდებები 657 მლნ-მდე გაზარდეს

5ffeba2b09535
შოთა ტყეშელაშვილი
13.01.21 13:20
1418
არარეზიდენტი ინვესტორების დაინტერესება საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით მზარდია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში 2020 წლის დეკემბრისთვის 657.6 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყო, რაც ნოემბერთან შედარებით - 45 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 277 მილიონი ლარით ანუ 72%-ით მეტი იყო.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მთავრობის მიერ გამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებსა და სახაზინო ვალდებულებებს წარმოადგენს. მათი მეშვეობით საქართველოს მთავრობა შიდა ვალს იღებს.

სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფო ობლიგაციების საშუალო სარგებელი 8.17% იყო. შესაბამისად, მაღალი საპროცენტო ამონაგების გამო, ეს აქტივები საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველობას ინარჩუნებს, რის გამოც ისინი ქართულ ეკონომიკაში აბანდებენ თანხებს, თუმცა ამ ინვესტიციებს მათთვის სავალუტო რისკიც ახლავს, რაც ლარში ინვესტირებას უკავშირდება.

2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა 5.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ ვალდებულებების 11.3% უცხოელი ინვესტორების საკუთრებაშია. ფასიანი ქაღალდების პორტფელის 70%-ს ქართული კომერციული ბანკები ფლობენ, 17% კი, ეროვნულ ბანკს ეკუთვნის.

სხვა ადგილობრივი ინვესტორები (კომერციული ბანკების გარდა) 58 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ფლობენ.