მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უმთავრესი პრობლემა ლარის გაცვლითი კურსია - ლევან ვეფხვაძე

60794a87a92a9
ინგა მურუსიძე
16.04.21 12:51
529
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდი და სათათბირო საბჭო საერთაშორისო სავალუტო მისიას შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, ასოციაციისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე იმსჯელეს.

BAG-ის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი და ინფლაცია, პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობა, ასევე საინვესტიციო პოტენციალსა და რეგულაციების/საგადასახადო ტვირთზე.

„პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით აქტუალურია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა, ამავდროულად, გვაქვს ისეთი გარემო, რომელიც ამ პროცესს ცალსახად აფერხებს. მაგალითად, ვამკაცრებთ კერძო სექტორისთვის და ბიზნეს ოპერატორებისთვის რეგულაციებს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, შედეგად რეგულაციების ტვირთი საქართველოში, ევროკავშირის საშუალოზე მაღალიც კია.

მაგრამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უმთავრესი პრობლემა მაინც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსია, რადგან უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ინვესტიცია და ლარში მიღებული უკუგება საინვესტიციო პროექტების ფინანსურ ნაკადებს განჭვრეტადობას უკარგავს. შესაბამისად, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ჩვენი ხედვები გაცვლითი კურსის პრობლემასა და მარეგულირებელ გარემოზე, რომელთა მოწესრიგების გარეშე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა შეუძლებელი იქნება“ - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.