მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური სანომრე ნიშნის მქონე მანქანებს, მათ შორის რუსულს, ვერ ვაჯარიმებთ - თბილისის ვიცე-მერი

642d3550900ce
გიგა ბენია
05.04.23 12:52
1764
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თბილისის პარკინგის თანამშრომელი მოქალაქეს ეუბნება, რომ უცხოური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილს, განსაკუთრებით კი რუსულს, ვერ აჯარიმებს. მისი თქმით, მათ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მითითება აქვთ მიღებული.

BMG დაინტერესდა, რატომ არ აჯარიმებენ რუსულნომრიან მანქანებს თბილისში. თბილისის ვიცე-მერი აცხადებს, რომ საათობრივი პარკირების სისტემაში უცხოური სანომრე ნიშნის მქონე მანქანისა და მფლობელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თუ მძღოლი ადგილზე არ იმყოფება, ვერცერთი ქვეყნის მოქალაქეს ვერ აჯარიმებენ.


"სოციალურ ქსელში ვიდეო არასწორად დაიდო, თითქოს რუსული სანომრე ნიშნის მანქანები არ უნდა დააჯარიმონ. ეს მცდარია. თქვენ იცით, რომ საათობრივი პარკირების სისტემა ახალი აწყობილია და ჩვენს პარკირების ოპერატორ კომპანიას უცხოეთიდან შემოსულ მანქანებზე, არა მხოლოდ რუსულზე, წვდომა არ აქვს. იმ ელექტრონული მოწყობილობებით, რომელსაც ჩვენი ოპერატორები ფლობენ, ინფორმაციას ვერ იღებენ. შესაბამისად, თუ მძღოლი ადგილზე არ იმყოფება, მას მუნიციპალიტეტი ვერ აჯარიმებს. მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას აქვს და ისინი აჯარიმებენ", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

BMG-ს კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკანონმდებლო ცვლილება და ექნება თუ არა „თბილისის პარკინგს" მონაცემებზე წვდომა, ვიცე-მერი აღნიშნავს:

"ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებაზე და ელექტრონული ბაზების დამეგობრებაზე შსს-თან, რათა უცხო ნომრით მოსიარულე მანქანებზე წვდომა გქვონდეს და ისინი დავაჯარიმოთ".