მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უდაბნო” ტურისტული ჰაბის მშენებლობას გეგმავს

6092893b1bf69
ლიკა გურაბანიძე
06.05.21 00:00
3768

“სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყოველწლიურად 300-დან 500 ჰექტრამდე ნუშის ბაღების განვითარებას ვგეგმავთ", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” კომპანია “უდაბნოს” დირექტორმა გოდერძი მეტრეველმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროექტმა, მისი კონცეფციიდან გამომდინარე, განვითარება საკმაოდ წარმატებულად შეძლო.

“უდაბნო წლების წინ ხრიოკი ადგილი იყო და მასზე არანაირი მრავალწლიანი ნარგავი არ ხარობდა, მისი გაშენება 2016 წელს დაიწყო და დღეს უკვე მრავალწლიანი ნარგავები 2 300 ჰექტარზეა გაშენებული. ტურისტული ზონის ჭრილშიც რომ განვიხილოთ, პრაქტიკულად მათთვის ბაღია გაშენებული, ასევე არის კამეჩების, თხების და ქათმების ფერმა.

აქ ევროპის კონტინენტზე ერთი კომპანიის მფლობელობაში და ერთ მიწის ფართობზე არსებული ყველაზე დიდი ნუშის ბაღებია გაშენებული. გარკვეული ნაწილი საქართველოს ბაზრისთვისაა, ხოლო დანარჩენი ექსპორტისთვის. საქართველო ნუშის ბიზნესით ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე გახდება, როდესაც ჩვენი ბაღები სრულ მსხმოიარობაში შევა. კერძოდ, 2023 წლიდან 2 300 ჰექტარი სრულად მსხმოიარე იქნება. შესაძლოა საქართველო ნუშის წარმოებით მსოფლიო რუკაზე იყოს და ამის რესურსი გვაქვს", - განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, უდაბნოში სეზონურად 8-9 თვის განმავლობაში 500 ადამიანია დასაქმებული.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გოდერძი მეტრეველი აღნიშნავს, რომ ნუშის ბაღებთან და მეცხოველეობის განვითარებასთან ერთად ტერიტორიაზე არსებულ ტბებში თევზის მოშენება იგეგმება. “უდაბნოს” დირექტორის თქმითვე, ადგილზე ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება.

“გეგმაშია პროექტი “სოფელი პანდორა”, სადაც ტურისტული ჰაბი იქნება, ასევე განთავსდება სასტუმრო და რესტორანი, რომელიც ასევე მოიზიდავს ტურიზმს. სასტუმროს ნაწილზე, რომ წარმოიდგინოთ, ძველი ადგილზე არსებული სახლებია გადაკეთებული და აღდგენილია ორიგინალში. საკმაოდ საინტერესო პროექტი გამოვა და ბევრად განსხვავებული კონცეფცია იქნება. ამ პროექტის დასრულება გაოცებას გამოიწვევს", - განმარტა მეტრეველმა.