მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია - რედკო

5f240f650e27c
ვიქტორია მღებრიშვილი
01.08.20 10:00
1127
სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორის მალხაზ კუნელაურის განცხადებით, პანდემიიდან და ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე უძრავი ქონების შემსყიდვით დაინტერესებული პირების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

BM.GE-სთან საუბრისას დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი პროცენტული მაჩვენებლების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მოთხოვნის კლებამ სამშენებლო კომპანიებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდა.

„უძრავი ქონების შესყიდვით დაინტერესებული პირების რაოდენობა შესამჩნევად და მკვეთრად შემცირებულია, რაც პანდემიიდან და ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარეობს. მოთხოვნის კლებიდან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე დეველოპერულ სექტორში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებს შორის მეტად კონკურენტული გარემო შეიქმნა, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ პანდემიამდე თუ არარეზიდენტი პირების ხარჯზე, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდნენ, სარეალიზაციო ბაზარი იყო გაცილებით დიდი, დღეს, როდესაც ქვეყანაში საზღვრები დაკეტილია და გვყავს მყიდველების შემცირებული კონტიგენტი, ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია ეს არის კონკურენცია, რომელიც ფასში, ხარისხში, კონკრეტული პროდუქტის ლოკაციაში და ა.შ გამოისახება. ამ ნიუანსებიდან გამომდინარე „რედკოც“ ამ მიმართულებით აქტიურობს. სადღაც ამ კონკურენციას კარგად ვეწევით, სადღაც შედარებით ნაკლებად.

ჩვენ არ გვაქვს ერთი ლოკაცია. ჩვენ გვაქვს პროექტები გუდაურში, ბაკურიანში, ბათუმში და ციხისძირში. შესაბამისად არჩევანის მრავალფეროვნება გვაქვს და ფასით, ლოკაციით, ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებით ვცდილობთ ვიყოთ კონკურენტულები“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

მისი თქმით, კომპანიაში უძრავი ქონების ღირებულება „არსებითად“ არ შევცვლილა და ფასთა მცირედი კლება მხოლოდ აქციებით გამოიხატება.

„იმას ვერ ვიტყვი, რომ ფასების არსებითად დაკლება მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ ფასები არ შეგვიმცირებია, მაგალითად 10%, ან 5%-ით. ეს ვერ მოხერხდა და ამის გამომწვევი ფაქტორი არსებული ეკონომიკური გამოწვევები და ის პირობებია, რაც ბაზარზე უძრავი ქონების ფასწარმოქმნას უზრუნველყოფს. სამშენებლო მასალების ბაზარზე პროდუქტები არ გაიაფებულა, არამედ პირიქით გაძვირდა და ამიტომ ჩვენ ვერ შევძლებთ ფასების დაწევას...

აქ საუბარია უფრო იმაზე, რომ მიმდინარეობს აქციები ბანკებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად. ეს აქციები გამოხატულია ფასდაკლებებით, რასაც სუბსიდირების პროგრამაც ემატება“, - განმარტა „რედკოს“ დირექტორმა და დასძინა, რომ კომპანია ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე იმოქმედებს და საჭიროების შემთხვევაში საფასო პოლიტიკას გადახევას.