მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UFC-ის ყველაზე რეიტინგული ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის საერთაშორისო პარტნიორი გახდა

630f292d608ba
BM.GE
31.08.22 13:23
969
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვაილიშვილი Setanta Sports-ის საერთაშორისო პარტნიორი ათლეტი გახდა. ყველაზე რეიტინგულ ქართველ მებრძოლსა და რეგიონის ყველაზე მსხვილ მედიას შორის ხელშეკრულება სასტუმრო სტამბაში 30 აგვისტოს გაფორმდა.

თანამშრომლობა UFC-ის ეგიდით მერაბ დვალიშვილის ბრძოლების პირდაპირ ტრანსლირებას, სპორტული და არასპორტული კამპანიების დაგეგმვას, სპორტსმენის შესახებ დოკუმენტური მასალების მომზადებას და მისი კომუნიკაციების უზნრუნველყოფას მოიცავს. მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის საერთაშორისო კამპანიების სახე და მონაწილე იქნება.

„მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი სპორტსმენია, რომლის განვლილი გზა აჩვენებს, რომ თავდაუზოგავი შრომით და მონდომებით, დიდი მიზნის მიღწევა შესაძლებელია. სწორედ ის და მისი მსგავსი ადამიანები სძენენ სპორტს განსაკუთრებულ ელფერს და აძლევენ ათასობით ადამიანს მოტივაციას, ბრძოლის და წინააღმდეგობების დაძლევის მაგალითს.

უკვე წლებია, სპორტის გულშემატკივარი მის ბრძოლებსა და გამარჯვებებს თვალს ჯერ adjarasport.tv-ზე, ახლა კი setantasports.com-ზე ადევნებს. ამიერიდან კი ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავა, და გულშემატკივარი მერაბის შესახებ დამატებით მასალას თუ სხვადასხვა სახის აქტივობას ოქტაგონის მიღმაც იხილავს“, - ამბობს Setanta Sports-ის დირექტორის მოადგილე ბაჩა მალაზონია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მერაბ დვალიშვილს უკავშირდება, მისი და Veli.Store-ის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც მებრძოლის ხელმოწერილ მერჩსა და საგულშემატკივრო ნივთების კოლექციას მოიცავს. Setanta Sports-ი Veli.Store-სთან პარტნიორობის ფარგლებში ამ კამპანიაშიც ჩაერთო და გულშემატკივარს მერაბ დვალიშვილთან შეხვედრის, მისი ნივთების ხელმოწერისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მისცა.

„მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის პარტნიორი ათლეტია და გვიხარია, რომ პირველი ერთობლივი კოლაბორაციის შედეგის შეფასება გულშემატკივარს უკვე შეუძლია. ამ მიმართულებით, Veli.store-სთან ერთად დიდი გეგმები გვაქვს სპორტის გულშემატკივარს კიდევ უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ. ვფიქრობ, სპორტსმენების ბრენდირებული მერჩების გულშემატკივრისთვის შეთავაზება მათ სპორტის სხვადასხვა სახეობასთან კიდევ უფრო დაახლოვებს“, - თამარ ბადაშვილი,Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

მერაბ დვალიშვილმა უკანასკნელ ბრძოლაში ლეგენდარაული ჟოზე ალდო დაამარცხა. კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში, რომელიც სოლტ-ლეიკ-სიტიში შედგა, დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა და 61 კგ. დივიზიონის რეიტინგში მესამე პოზიციამდე დაწინაურდა.

„ბედნიერი ვარ ამ თანამშრომლობის დაწყებით და Setanta Sports-თან პარტნიორობით. ვიცი, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული საერთაშორისო დონეზე აღიარების მოპოვება და რა შრომის ფასად არის ეს შესაძლებელი. მიხარია, რომ საქართველოში არსებობს კომპანია და გუნდი, რომელიც ქმნის საერთაშორისო ხარისხის ბრენდს და კონტენტს. იმედი მაქვს ეს თანამშრომლობა იქნება დასამახსოვრებელი და ამ სფეროში პარტნიორობის გამორჩეული მაგალითი“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

Setanta Sports-ი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ქართველი სპორტსმენებისა და გუნდების ცნობადობის ზრდას, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით. კომპანია თანამშრომლობს დინამო თბილისთან, ქართველ მებრძოლ ამირან გოგოლაძესთან და ახლა უკვე მერაბ დვალიშვილთან. უახლოეს პერიოდში, Setanta Sports-ი თანამშრომლობას არაერთ ქარველ და უცხოელ სპორტსმენთან დაიწყებს.

Setanta Sports-ი საერთაშორისო მაუწყებელია, რომელიც ამჟამად ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაში ოპერირებს. ირლანდიური მაუწყებელი Setanta Sports-ი ქართულმა კომპანია Adjara Group-მა 2021 წლის დასაწყისში შეიძინა. გარიგების თანახმად, ქართული კომპანიის მფლობელობაში ევროპისა და აზიის 13 ქვეყენაში მოქმედი Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი, ლიცენზიები და სატელევიზიო არხები გადავიდა. 2022 წლის იანვარში კომპანიამ, რომლის სათავო ოფისიც თბილისში მდებარეობს, უკვე Setanta Ukraine-ს 100%-იანი წილი შეიძინა და აუდიტორია კიდევ უფრო გააფართოვა.

NS