31.აგვისტო .2020 22:30

„უფრო მეტიც შეიძლებოდა“ – ბიზნეს ანალიტიკოსი ეკონომიკური ვარდნის ტემპის კლებაზე

views 385
უკან

ბიზნეს ანალიტიკოსის, გია ჩქოფოიას მოსაზრებით, ის, რომ ბოლო თვეებში ეკონომიკური ვარდნის ტემპი იკლებს, ერთი მხრივ გაზრდილი ტრანზაქციების გამო ხდება. როგორც ჩქოფოიამ bm.ge-ს განუცხადა, მწვავე პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების კლებამ „ბუნებრივად გამოიწვია ის, რომ ადამიანებს შორის ტრანზაქციები გაიზარდა. ანუ მეტი ეკონომიკური აქტივობა გვაქვს და შესაბამისად ეს აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში“.

თუმცა, ბიზნეს ანალიტიკოსი აცხადებს, რომ უფრო უკეთესადაც შეიძლება, რომ ქვეყანა გამოვიდეს შექმნილი მდგომარეობიდან.

„ოპტიმიზაციისთვის სივრცე საქართველოს ეკონომიკის პირობებში, რა თქმა უნდა, არსებობს. უფრო მეტიც შეიძლებოდა ცხადია, თუმცა, ამას პირველ რიგში პოლიტიკური ნება სჭირდება, რასაც კიდევ უფრო ართულებს ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვართ“, – განაცხადა ჩქოფოიამ. 

რაც შეეხება მოლოდინებს, ის ამბობს, რომ ამის განსაზღვრა ძალიან რთულია ერთი მხრივ საგარეო ფაქტორების, ხოლო მეორე მხრივ შიდა ფაქტორების გათვალისწინებით.

„არჩევნები მოდის წინ, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ეკონომიკურ კლიმატს. ეს ინვესტიციების ნაწილზეც აისახება ვინაიდან ინვესტორს მოლოდი აქვს რომ მოდი ჯერ შევხედო რა მოხდებაო, და შემდეგ გადაწყვეტს ჩადებს თუ არა ინვესტიციას. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, რომ საინვესტიციო გარემო და ინვესტორების აქტივობები პასიური იქნება. არის ნეგატიური წინაპირობა და ეს არის არჩევნები“, – განაცხადა ბიზნეს ანალიტიკოსმა.

ცნობისთვის, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8%-ია.

„2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა”, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმციაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში ეკონომიკური ვარდნის ტემპს კლებადი ტენდენცია აქვს. კერძოდ, აპრილში საქართველოს ეკონომიკის ვარდნა -16.6% იყო, მაისში - -13.5%, ივნისში კი -7.7%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა