მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უფრო მნიშვნელოვანია, ვინ არის ექიმი და არა ის, თუ სადაა ის" - მრელაშვილი ტელემედიცინაზე

6055d98e1149e
ინგა მურუსიძე
21.03.21 19:40
951
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ტელენევროლოგი დავით მრელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში უკვე მუშაობს რამდენიმე კომპანია, რომელიც ტელემედიცინას ავითარებს. ამის შესახებ მან #ForbesTalk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ამბობს, რომ ორ კომპანიასთან - „ეკიმოსთან“ და რედმედთან“ თავადაც თანამშრომლობს. ასევე არიან ინდივიდუალური უნივერსიტეტები და კლინიკები, ვინც ტელემედიცინის დანერგვის სურვილი გამოთქვეს.

„წლებია საქართველოში არ ჩამოვსულვარ და ერთი, რაც ძალიან გამიხარდა, იყო ის, რომ ჯანდაცვის სფერო უკეთესობისკენ შეცვლილი დამხვდა. ბევრი რამ განვითარდა და შეიცვალა; პანდემიასაც სისტემა ავად თუ კარგად გაუმკლავდა, კოლაფსი არ ყოფილა. ხალხი სახლში მასიურად არ დახოცილა და დახმარებაზეც უმადური არავინ დაგვრჩენია. მე ბევრი შრომა არ დამჭირვებია - იყო გამზადებული გუნდი, სურვილი, რომ ტელემედიცინის პროექტი შექმნილიყო და ასევე არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელმაც ტელემედიცინის განვითარება კოვიდამდე დაიწყო და ახლაც აგრძელებს“, - განაცხადა მრელაშვილმა და დასძინა, რომ საჭიროება რომ არ დაენახა, ამ პროექტში არ ჩაერთვებოდა.

#ForbesTalk-თან ინტერვიუში ექიმმა გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც 2020 წლის შემოდგომაზე გაზრდილი covid-შემთხვევების გამო ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი ქაოსიდან გამოსავლის გზად ტელემედიცინა და 50-100 ე.წ. "ლეგიონერი ექიმი“ ესახებოდა.

„პროექტი გაკეთდა და შედეგებიც დაიდო. ხარისხის კონტროლი ჩატარდა“, - ამბობს დავით მრელაშვილი. საპილოტე პროექტი მან კახეთში, „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გააკეთა. 

ტელენევროლოგი ყვება, რომ რადგან იანვარში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, კლინიკას პროექტის შეწყვეტა და ტრადიციული მკურნალობის მეთოდზე დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ „ჯეოჰოსპიტალსმა“ უარი თქვა.

„თავად „ჯეოჰოსპიტალსის“ თანამშრომლებს, ექიმებს და პაციენტებს იმდენად მოეწონათ, რომ ეს პროექტი ნაკლები დატვირთვით, თუმცა კვლავ გრძელდება და შეწყვეტაზე უარი თქვეს. ვფიქრობ, მთავარი, რაც პროექტმა გააკეთა იყო ის, რომ აჩვენა მაგალითი, თუ რას ნიშნავს ტელემედიცინა. აუცილებელი არ არის, პაციენტი იმყოფებოდეს იგივე ოთახში ან იგივე შენობაში, როცა მარტივი კითხვა აქვს, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანია, ვინ არის ექიმი და არა ის, თუ სად არის თქვენი ექიმი. ასე რომ, იმედია, ეს პროექტი იყო ერთგვარი სტიმული და ბიძგი, რომ ტელემედიცინა უფრო სწრაფად განვითარდეს ქვეყანაში“, - ამბობს დავით მრელაშვილი.