მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უფრო სოციალური პროექტია, ვიდრე ბიზნესის ხელშეწყობის" - ჩოჩელი ანტიკრიზისულ გეგმაზე

5eb42406e9ed7
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.20 19:44
1031
"ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე აცხადებს, რომ „ეს არ არის საკმარისი ბიზნესისთვს“.

როგორც ბიზნესმენმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტა, ადგილობრივი წარმოებები ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად ფინანსური პრობლემების წინაშე დადგნენ და მთავრობამ ამ მიმართულებით უნდა იფიქროს.

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, თუმცა ჩვენზეც ბევრი რამ არ არის დამოკიდებული, ვინაიდან მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად შემცირებულია და შარშანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იქნება რეალიზაცია.

შეღავათების ნაწილში შეიძლება ნაწილობრივ დავეთანხმოთ მთავრობის გეგმას, მაგრამ ძირითად ნაწილში, მაინც ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი ბიზნესისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ შარშან მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა დედოლარიზაციაზე საუბარი და დღეს ჩვენ ორ უკიდურესობაში ვართ - გვაქვს სესხი უცხოურ ვალუტაში და არ არის სტაბილური კურსი და მეორე უბედურება ეროვნულ ვალუტაში გვაქვს და უკვე 14-15%-ზე ავიდა საპროცენტო განაკვეთები. ბიზნესისთვის საკმაოდ მაღალია 14-15% და ჩვენ რომ ავიღოთ და განვიხილოთ მსხვილი კომპანიების მომგებიანობა აღმოვაჩენთ, რომ წარმოებათა უმრავლესობა არის ზარალზე, აქედან გამომდინარე ეს ძირითადად გამოწვეულია ორი ფაქტორით -სავალუტო კურსი, რომელიც მუდმივად განიცდის ზრდას და ბიზნესში არასტაბილურ გარემოს ქმნის და მეორეა საპროცენტო განაკევეთები, რომელიც  ბიზნესისთვის ძალიან მძიმე ტვირთია. წარმოებაში არ მეგულება ფინანსურად გამართული კომპანიები და ამ მიმართულებით საფიქრი აქვს ხელისუფლებას.

მთავრობის მხრიდან საშემოსავლო შეღავათების მიმართულება ჯერჯერობით მთლიანად დამუშავებული არ გვაქვს. რაც შეეხება სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ძირითად ნაწილში ვინარჩუნებთ თანამშრომლებს იმ იმედით, რომ კარანტინის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებლობა, რომ თანამშრომლების ნაწილი შევინარჩუნოთ“, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

„ზედაზენის“ ხელმძღვანელი მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილ ტურიზმის სექტორის ანტიკრიზისულ გეგმასაც აფასებს და ამბობს, რომ სექტორულად წარმოებების კუთხით მთავრობამ განსხვავებული ხედვა უნდა წარმოადგინოს. 

„ზოგადად ჩვენ მიმართულების წარმოების დაახლოებით 15-20% ეს არის სარესტორნე ბიზნესი. ეს სეგმენტი გაჩერებულია და სანამ გაჩერებული იქნება ამ მიმართულებით მუშაობა შეუძლებელია.

დღეს, ტურიზმის სექტორისთვის თუნდაც კრედიტებზე შეღავათების მიცემა, მეტნაკლებად აისახება სასტუმროების ფინანსურ მდგომარეობაზე და არა იქ დასაქმებულების და მოსახლეობის და შესაბამისად ტურიზმის სექტორთან მიბმულ ორგანიზაციებზე და ბიზნესებზე.

ეს არის უფრო სოციალური მიმართულების პროექტი, ვიდრე ბიზნესის ხელშეწყობის“, - ამბობს "ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება ამოქმედდება.