06.ივლისი .2022 18:50

უფრო სწორი იქნებოდა, სანატორიუმების საინვესტიციო ვალდებულებით, სიმბოლურ თანხად გასხვისება - ჩეხერია

უფრო სწორი იქნებოდა, სანატორიუმების საინვესტიციო ვალდებულებით, სიმბოლურ თანხად გასხვისება  - ჩეხერია
views 617
უკან

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი კონსულტანტი ტურიზმის საკითხებში ვალერი ჩეხერია მიიჩნევს, რომ წყალტუბოს საინვესტიციო პროექტების დაინტერესებული პირებისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემა კარგი იქნებოდა.

მთავრობის მიერ 5 ივლისს წარდგენილი "წყალტუბოს ახალი სიცოცხლის" პროგრამის მნიშვნელობაზე, დღეს უკვე სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედი უცხოური კომპანია “სლოუ გრუპის” პარტნიორმა და სტრატეგიული პროექტების დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ „საქმის კურსში“ ისაუბრა.

"ეს პროექტები ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია და მათ მიმართ დიდი ინტერესი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაიყიდებოდა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, ინვესტიცია განხორციელდეს და ამ მხარემ გამოიღვიძოს და ინვესტიციის სანაცვლოდ დასაქმდნენ ადგილობრივები. ამდენად, ვფიქრობ, უფრო სწორი იქნებოდა, პროექტები <სანატორიუმები> ინვესტიციის სანაცვლოდ სიმბოლურ თანხად გადასცემოდათ ინვესტორებს. დაველოდოთ და ვნახოთ, შესაძლოა, ამანაც გამოიწვიოს ინტერესი“, - ამბობს ჩეხერია.

ის აცხადებს, რომ "წყალტუბოს ახალი სიცოცხლის პროექტს" იცნობს და მასთან ეკონომიკის კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობისას შეხება ჰქონია. შესაბამისად, ამ საკითხზე გარკვეული რეკომენდაციებიც ჰქონდა.

"ამ პროექტთან მიმართებით ჩემი რჩევა იყო, რეალური შეთავაზება გაგვეკეთებინა და ისეთი ინვესტორი მოგვეძიებინა, რომელიც განავითარებდა როგორც წყალტუბოს წყლებს, ასევე სპა მიმართულებას. საქართველოში ბევრი სპა კურორტი არ გვაქვს, თუმცა ამაზე მოთხოვნა დიდია, რამეთუ კოვიდის შემდეგ გამაჯანსაღებელ ტურიზმზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილია. კიდევ ერთხელ მექნება რეკომენდაცია, რომ ეს უნდა იყოს გენგეგმა, რომ შემდეგ წყალტუბოს ქაოტური განაშენიანება არ მოხდეს და უნდა იყოს გარკვეული შეღავათი, რადგან ეს ულამაზესი არქიტექტურის შენობებია, რომლის შენახვა და რესტავრაცია ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ახალი შენობის აშენება. აქედან გამომდინარე, ინვესტორს განსაკუთრებული პირობები და მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ შემოვიდეს და ეს ულამაზესი არქიტექტურა შეინარჩუნოს. ამიტომ ინვესტიციის სანაცვლოდ პროექტების სიმბოლურ ფასად გადაცემა ან გარკვეული შეღავათი კარგი იქნებოდა“, - განაცხადა “სლოუ გრუპის” პარტნიორმა და სტრატეგიული პროექტების დირექტორმა.

ვალერი ჩეხერიამ ისიც აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს მიმართ ინტერესი ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ისრაელიდან და გერმანიიდანაა, შესაბამისად, ამ და სხვა ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვისთვის და წყალტუბოს პოპულარობისთვის კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

"უშიშროება", "რკინიგზელი", "მეგობრობა" - მთავრობა წყალტუბოში 14 სანატორიუმს ყიდის

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა