მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარიგების ჩაშლის გამო, Twitter-ი ილონ მასკს სასამართლოში უჩივის - უოლ-სტრიტის მოლოდინები

62ce75f6b626c
გიორგი თოლორდავა
13.07.22 13:33
1084
უოლ-სტრიტი ისტორიული სასამართლო დავის წინაშეა - კომპანია Twitter-ის წარმომადგენლობა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს სასამართლოში უჩივის.

Twitter-ის მხარის მტკიცებით, ილონ მასკმა უხეშად დაარღვია $44-მილიარდიანი გარიგების პირობები, დაუსაბუთებელი მიზეზებით განზრახ ჩაშალა მოლაპარაკება, რითაც დიდი ზიანი მიაყენა კომპანიის რეპუტაციას, მის აქციონერებსა და ინვესტორებს.

დელავერის შტატის სასამართლოში შეტანილი სარჩელით ამერიკული სოციალური პლატფორმა ილონ მასკისგან შეთანხმების დასრულებას და კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ 54.2 დოლარის გადახდას მოითხოვს.

ილონ მასკის წარმომადგენლობის განმარტებით, გარიგების ჩაშლის მიზეზი Twitter-ის გუნდის მიერ არასაკმარისი ინფორმაციის წარმოდგენაა. მასკმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელის არაავთენტური მომხმარებლების (ბოტები, ტროლები) შესახებ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს და ის Twitter-ის წარმომადგენლობისგან აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელს ისევ სურს სოციალური ქსელის შეძენა, თუმცა გაცილებით დაბალ ფასად, რისთვისაც ის სასამართლოს გამოყენებას და ამ გზით მოთხოვნილი მონაცემების მიღებას გეგმავს.

საგულისხმოა, რომ შეთანხმების პირობების თანახმად, პირგასამტეხლოდ $1-მილიარდიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული, რომლის გადახდაც, სავარაუდოდ, ილონ მასკს მოწევს, თუ, რა თქმა უნდა, მას დელავერის სასამართლო არ გაამართლებს.

გარიგების ჩაშლა, ცხადია, ნეგატიურად აისახა ინვესტორების განწყობასა და კომპანიების აქციების ფასებზე. მასკის განცხადების გავრცელებიდან დღემდე კომპანია Twitter-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 10.8%-ით შემცირდა, მისი თითოუელი აქციის სავაჭრო ფასი კი ამჟამად 34 დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა მასკი მათ სანაცვლოდ 54.2 დოლარის გადახდისთვის იყო მზად.

უმნიშვნელოდ, თუმცა 0.5%-ით შემცირებულია კომპანია Tesla-ს აქციების ღირებულებაც, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 724 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ღირებულების შემცირების თითქმის 41%-იანი მაჩვენებელია.

როგორ განვითარდება სასამართლო დავა, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა უოლ-სტრიტის ნაწილი მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მხარეები მორიგდნენ და გარიგება შეცვლილი პირობებით მაინც შედგეს.

საგულისხმოა, რომ ილონ მასკი Twitter-ის 9.2%-იან წილს ისევ ფლობს, აღნიშნული აქტივის გაყიდვასთან დაკავშირებით მილიარდერ მეწარმეს გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და, მათ შორის, Twitter.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.