მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ღირს ლაგოდეხის საზამთრო უფრო ძვირი, ვიდრე - იმპორტირებული? - ხანიშვილის განმარტება

60d49905a4b2f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.21 18:40
2995
პარლმენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის - "COVID-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე", ფარგლებში ზეპირი მოსმენა გამართა, რომელზეც ერთ-ერთი მომხსენებელი  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილიც იყო. სხვადასხვა თემაზე საუბრისას მინისტრის მოადგილე რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხში, ფერმერების იმ საპროტესტო აქციებსაც შეეხო, რომელიც ადგილობრივი წარმოების საზამთროს ფასების არაკონკურენტუნარიანობის გამო გაიმართა და სადაც ფერმერები იმპორტის შეზღუდვას ითხოვდნენ.

გიორგი ხანიშვილმა განმარტა, რომ სახელმწიფო ფერმერებს არა ერთჯერადი ინექციების სახით, არამედ სისტემურად უნდა ეხმარებოდეს, ხოლო ბაზარზე ხელოვნური ჩარევა არაა სწორი. „რატომ ღირს უცხოეთიდან შემოტანილი საზამთრო უფრო იაფი, ვიდრე ლაგოდეხში მოყვანილი?“ - მინისტრის მოადგილემ რიტორიკულად დასმულ კითხვას თავადვე უპასუხა და ის მექანიზმები მოიშველია, რომლითაც უწყება სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებს ეხმარება.

„საქართველო თავისუფალი საბაზრო პრინციპების ქვეყანაა, სხვა შემთხვევაში ჩვენ სრული კრახი გველის. პრობლემა არა - საფასო პოლიტიკა, არამედ ის არის, რომ ცალკეული ფერმერები არ ერთიანდებიან, მოსავალი მცირე რაოდენობით მოჰყავთ, დანახარჯებს არ ითვლიან და ხშირ შემთხვევაში მაღალი დანახარჯები აქვთ. ამის შემდეგ უნდათ მიიღონ შემოსავალი, რომელიც სხვადასხვა კრიტიკულ წლებში სხვადასხვაგვარია. ლაგოდეხის თემა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ გასულ წელს ზოგადი საბაზრო ფასები კოვიდიდან და შეზღუდვებიდან გამომდინარე ძალიან მაღალი იყო, მარწყვი 15 ლარი ღირდა, ბალი - 12 ლარი და ა.შ. მიმდინარე წელს ასეთი სისტემა ვერ იქნებოდა და შესაბამისად, ბალი 4-5 ლარი ღირს...  სახელმწიფოს მიერ გადადგმული პროგრამები ორი მიმართულებით ხორციელდება, ეს არის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა სხვადასხვა პროგრამების სახით და მეორე - კოოპერაცია და გაერთიანება, რომელსაც ფერმერებს ვთავაზობთ. სხვა შემთხვევაში მივდივართ არაჯანსაღ პროტექციონიზმთან, სუბსიდირებასთან, რომელსაც სხვადასხვა ფერმერი მუდმივად იყენებს, გააჩნია სფეროს, ამ შემთხვევაში ლაგოდეხის საზამთროზე იყო საუბარი და ა.შ. საზამთრო, რომელიც 1 ჰა-ზე მინიმუმ 50 ტონა უნდა მოიყვანო და რომლის თვითღირებულება 8-10 თეთრი უნდა იყოს, ეს ყველაფერი დათვლილი გვაქვს და როდესაც ფერმერებს ველაპარაკებით, სამწუხაროდ, თვითონ არ აქვთ დათვლილი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საზამთროს იმპორტი 2-ჯერ გაიზარდა, რაც ბუნებრივია. მინისტრის მოადგილემ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ბაზარზე ხელოვნური ჩარევები არასწორია.

„ლაგოდეხში ფერმერების გამოსვლის შინაარსი რა იყო?! - რომ მას ცოტა ჰქონდა მოსავალი... ერთი ფერმერი, რომელიც საზამთროს ყიდის და მასთან მისული მყიდველი სთხოვს, რომ 5 თეთრით დაუკლოს და უკლებს, ჩამოდიან თვითღირებულებაზე დაბლა...

გვინდა მხარდაჭერა, რომ ფერმერები გაერთიანდნენ. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე საუბრობდა კოოპერატივების მნიშვნელობაზე, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ოღონდ წინ არ წავსულვართ. კოოპერაციის მთელი შინაარსი ფასწარმოქმნის მექანიზმის რეგულირებაა, სადაც ორი ფასია - ის, რითიც კოოპერატივის შიგნით ხდება მიწოდება და რომლითაც მის გარეთ ხდება რეალიზება. ქვეყანაში არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ სისტემური პროექტების გარდა ნებისმიერი მიმართულებით სუბსიდირება მოხდება.

ბიზნესი უნდა განვითარდეს. ხელოვნური ჩარევა იმაზე, რომ შევზღუდოთ საქართველოში საზამთროს იმპორტი, ყოველთვის არასწორია. პრობლემის სათავე ჩვენშია. ადამიანები უნდა გაერთიანდნენ წარმოების მოცულობის ზრდისთვის. ერთეულ შემთხვევებში ცეცხლის ჩაქრობა რთული და ძნელია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.