მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკეთესი სოციალური დაცვა კოვიდ-19-სგან დაზარალებული ღარიბი მოსახლეობისთვის - ADB

5ea182a3179c1
ამირ ჯილანი, სოციალური სექტორის ეკონომისტი, აზიის განვითარების ბანკი
23.04.20 20:00
3047
აზიის ღარიბ მოსახლეობას კოვიდ-19-ის კრიზისამდეც უამრავ პრობლემასთან გამკლავება უწევდა. ფოტო: ADB
მილიონობით ოჯახი, რომელიც კოვიდ-19-ის გავრცელებამდეც ღარიბი და დაუცველი იყო, ახლა დილემის წინაშე დგას — როგორ იკვებონ, იმკურნალონ და უბრალოდ გადარჩნენ. ჩვენ ვალდებულნი ვართ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ და დავიცვათ ისინი, ვისაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ახლა, როცა ამ ბლოგს ვწერ, გლობალური პანდემია ქვეყნებსა და ტერიტორიებზეა მოდებული და ყოველდღიურად ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ ვიგებთ. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევების უმრავლესობა ახლა უფრო მოწინავე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში ფიქსირდება, განვითარებად ქვეყნებში კრიზისის მასშტაბი კვლავ ბუნდოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველას მოუწოდა, ნებისმიერ საეჭვო შემთხვევას ტესტირებით უპასუხონ, მაგრამ ვირუსის ეფექტიანად გამოვლენისთვის ბევრ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანას ადეკვატური ჯანდაცვის სისტემა არ გააჩნია.

მიუხედავად ამ ბუნდოვანებისა, მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ რა გავლენას იქონიებს ვირუსი ეკონომიკურ საქმიანობასა და მოსახლეობის საარსებო წყაროებზე. რეგიონის წარსული გამოცდილებიდან კარგად ვიცით, რომ მსგავსი შოკები ყველაზე ძლიერ დარტყმას ღარიბ და დაუცველ ჯგუფებს აყენებს, რომელთაც კრიზისიდან თავის დასაღწევად ყველაზე დიდი დრო სჭირდებათ. მათ ეფექტიანად დასახმარებლად, სასურველია მთავრობებმა გააფართოონ სოციალური დაცვა, განსაკუთრებით კი სოციალური დახმარება, აღნიშნული ჯგუფები უზრუნველყონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსებითა და გააძლიერონ მათი მედეგობა.

დაავადების აფეთქება იწვევს როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ შედეგებს, რაც გამოწვეულია ავადობით, სიკვდილიანობით და ვირუსის შესაჩერებლად გატარებული პროფილაქტიკური ზომებით.

ვირუსით დაზარალებულ ოჯახებზე დაავადებისა და სიკვდილის პირდაპირ ეკონომიკურ ზემოქმედებას წარმოადგენს გაზრდილი ხარჯები და შემცირებული შემოსავლები. ჯანმრთელობის ხარჯების ზრდამ, დაკარგულ ხელფასებთან და სამუშაო ადგილებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სიღარიბის მნიშვნელოვანი ზრდაც. პირდაპირი ზემოქმედება ასევე გულისხმობს მოწყვლად ჯგუფებში გაზრდილ რისკს. ერთჯერადი შოკისგან განსხვავებით, როგორიცაა მიწისძვრა, ეპიდემია სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ებოლას შემთხვევაშიც ასე მოხდა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ლიბერიის ღარიბთა უბნები დაავადების გავრცელების ცხელ წერტილად იქცა, გამოიწვია რა 3.5-ჯერ მეტი ადამიანის დაინფიცირება, ვიდრე ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ და მდიდარ უბნებში. აზიის განვითარებად ქვეყნებში, მიგრანტი მუშახელის დიდი ნაწილი სწორედ ასეთ ხალხმრავალ საცხოვრებლებში ცხოვრობს და არ მიუწვდება ხელი ჯანმრთელობის დაზღვევაზე, რაც ზრდის ინფექციის რისკს და დანარჩენებს მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნებას აიძულებს.

დაავადებათა გავრცელებას ასევე გააჩნია არაპირდაპირი ზემოქმედება — ხელს უშლის წარმოებას და მოხმარებას. ეს არაპროპორციულად აისახება ღარიბ მუშახელსა და ოჯახებზე, განსაკუთრებით არაფორმალურად დასაქმებულებზე. მიწოდების მხრივ, ბიზნესის დახურვა (მთავრობის ბრძანებით ან თავად კომპანიის გადაწყვეტილებით) მუშახელს ხელფასის გარეშე ტოვებს. მსგავსი მრავლობითი დახურვის მომსწრე ვირუსით ინფიცირებულ ბევრ ეკონომიკაში გავხდით. მოთხოვნას რაც შეეხება ¬— ხალხი ნაკლებს ხარჯავს. ეს ისევ განვითარებადი ქვეყნების მუშახელს აზიანებს, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. ტურიზმი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს მცირე ბიზნესისა და თემებისთვის, რომელთაც ალტერნატიულ საარსებო წყაროსა თუ სოციალურ დაცვაზე შეზღუდული წვდომა აქვთ. სურსათისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი, პანიკურმა შესყიდვებმა, დაავადებით გამოწვეულმა მუშახელის დეფიციტმა, სატრანსპორტო შეფერხებებმა და ბაზრებზე შეზღუდულმა წვდომამ შესაძლოა გამოიწვიოს მიწოდების ჯაჭვის რღვევა, ადგილობრივი ფასების მკვეთრი ზრდა ან სურსათის დანაკარგი.

კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა აზიის ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის დახმარების აუცილებლობა

ეს ხელის შემშლელი ფაქტორები და ეკონომიკური ზემოქმედება შეიძლება იქცეს ქვეყნებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან დანაკარგად. აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, კოვიდ-19-ის მიერ მიყენებული გლობალური ზარალი 77-დან 347 მილიარდ აშშ დოლარამდე მერყეობს (ან გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%–დან 0,4%–მდე), მაშინ როცა ზოგიერთ ქვეყანაში ზარალი კიდევ უფრო დიდია, ხოლო სხვებში ეკონომიკაზე გავლენას ახდენს შეფერხებები ვაჭრობასა და ტურიზმში.

რა ფორმით უნდა გააძლიერონ მთავრობებმა სოციალური დაცვა კოვიდ-19-ის ეკონომიკური ზემოქმედების შესამცირებლად?

ბოლო წლებში აზიასა და ოკეანეთში სიღარიბე მკვეთრად შემცირდა, მაგრამ 2015 წლის მონაცემებით რეგიონში 264 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო 1.1 მილიარდი ადამიანის დღიური საარსებო თანხა 3.20 აშშ დოლარზე ნაკლები იყო. რეგიონის არაერთმა მთავრობამ უკვე განახორციელა ინვესტიციები სოციალური დაცვის სისტემებში ქრონიკული სიღარიბის შერბილების, მოწყვლადობის შემცირებისა და ინკლუზიური ზრდის სტიმულირების მიზნით. მაგრამ კოვიდ-19-ის კრიზისის გათვალისწინებით, როგორც არსებულ, ისე ახლადწარმოქმნილ სიღარიბესთან გასამკლავებლად მთავრობებს სოციალური დაცვის სისტემის სწრაფი შემდგომი ზრდა დასჭირდებათ. ამისთვის, დამაიმედებელი გლობალური მტკიცებულებების საფუძველზე სამი შესაძლო გზაა:

1. სოციალური დახმარების გაძლიერება. ფულადი დახმარების გაზრდა შესაძლოა დაეხმაროს ღარიბ და მოწყვლად მოსახლეობას კრიზისის დროს. არსებული პროგრამის დროებითი გაფართოება შესაძლოა იყოს ჰორიზონტალური (მეტი ადამიანის ჩართვა) ან ვერტიკალური (თანხის გაზრდა). კრიზისის დროს ასევე მნიშვნელოვანია თანხების სწრაფი გადარიცხვა, ციფრული გადახდის საშუალებების შექმნისა თუ გაძლიერების მეშვეობით, ხელმისაწვდომობის კრიტერიუმების ან არსებული პროგრამების შემსუბუქების გზით. ფილიპინებში, პირობითი ფულადი ტრანსფერის პროგრამის ბენეფიციარები კარანტინის დროს მიიღებენ სრულ გრანტებს, პროგრამის პირობების დაკმაყოფილების გარეშე (სკოლაში დასწრება, ჯანდაცვის ცენტრებში ვიზიტები). მთავრობებს ასევე შეუძლიათ დანერგონ თანხების უპირობო გადარიცხვა. მაგალითად, ინდოეთში უტარ პრადეშის შტატი უზრუნველყოფს პირდაპირ ელექტრონულ გადარიცხვებს არაფორმალურ სექტორში ღარიბი და დღიური მუშახელისთვის, რომლებიც პანდემიის გამო კარგავენ სამუშაო ადგილებს. ფულად გზავნილებს ორმაგი სარგებელი აქვს — ის მოხმარების სტიმულირებას ახდენს, რაც თავის მხრივ აძლიერებს ეკონომიკას. სოციალური დახმარების გაფართოებისას, მთავრობამ უნდა მოიძიოს ეფექტური გზები არაფორმალურად დასახლებული პირებისა და ურბანული მიგრანტების პროგრამაში ჩასართავად, რადგან აღნიშნული ჯგუფები დგანან უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე, საარსებო წყაროსა და სამთავრობო მომსახურებებზე წვდომის თვალსაზრისით.

2. სოციალური დაზღვევით უზრუნველყოფა. უმუშევართა დაზღვევა დროებით უნდა გაფართოვდეს, გაიზარდოს მისი ხანგრძლივობა, შეღავათები ან გამარტივდეს მასზე წვდომა. თუ დამსაქმებლები არ ანაზღაურებენ ავადმყოფობის გამო გაცდენილ სამუშაო საათებს, მთავრობებმა შესაძლოა დააფინანსონ აღნიშნული და ამით საშუალება მისცენ შეუძლოდ მყოფ დასაქმებულებს, ან ავადმყოფებზე მზრუნველ პირებს დარჩნენ სახლში, სამუშაო ადგილის დაკარგვის გარეშე. ფილიპინებში ამჟამად ხორციელდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა არაფორმალური მუშახელის გადაუდებელი დასაქმება და კერძო საწარმოებში მომუშავე დაზარალებული პირების ფინანსური დახმარება. შესაძლოა ასევე აუცილებელი გახდეს ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდირება-დაფარვა ან/და მომსახურების ხარჯისგან გათავისუფლება, რათა დახმარება გაეწიოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, იმ საწარმოებს, რომლებიც ასეთ ჯგუფებს ემსახურებიან.

3. შრომის ბაზრის პოლიტიკისა და პროგრამების განახლება. იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-ის ზემოქმედების ქვეშ შესაძლოა აღმოჩნდეს ყველა მომუშავე პირი, მთავრობებმა უნდა მოახდინონ პასიური და აქტიური საბაზრო პოლიტიკისა და პროგრამების, მათ შორის დამცავი შრომითი წესების გადასინჯვა. როგორც დროებითი ისე მუდმივი დათხოვნა დასაქმებულებზე გარდაუვალ ზემოქმედებას ახდენს, ამიტომ მთავრობებმა უნდა განიხილონ მათი მხარდაჭერის გზები — როგორც მოკლე ისე საშუალო ვადით, მათ შორის სამუშაო ადგილების მხრივ ხელშეწყობით, ასევე ტრენინგებითა და სხვა ღონისძიებებით, როგორც კრიზისი დროს, ისე შემდეგაც. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სოციალური პოლიტიკა ხშირად ზედმეტად გულუხვად მიიჩნევა, ის დამსაქმებლებს ვირუსისგან გამოწვეული სერიოზული შეფერხებებისგან იცავს.

ბევრი ჩვენგანი ღელავს COVID-19–ის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ შეზღუდვებზე, თუმცა მილიონობით ოჯახი, რომელიც კოვიდ-19-ის გავრცელებამდეც ღარიბი და დაუცველი იყო, ახლა დილემის წინაშე დადგა — როგორ იკვებონ, იმკურნალონ და უბრალოდ გადარჩნენ. ახლა ვიდრე ოდესმე, ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ და დავიცვათ ისინი, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.