მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა რუსეთ-ბელარუსის ენერგოსისტემას აღარ მიუერთდება

621aab45ac169
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.22 02:52
1021
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში ენერგოსისტემის დამოუკიდებელი რეჟიმით ფუნქციონირების შემდეგ, რუსეთ-ბელარუსის ენერგოსისტემაში ხელახალ ჩართვაზე უარი თქვა. ინფორმაცია უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკომ Facebook-ზე გამოაქვეყნა. წერს Unian-ი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო თავდასხმები დაიწყო, უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთ-ბელარუსის ენერგოსისტემიდან დამოუკიდებელ რეჟიმში მუშაობის სატესტო გამოცდას აწარმოებდა.

24-26 თებერვალს უკრაინის ენერგოსისტემის ავტომატური მუშაობა წარმატებით განხორციელდა, რამაც დამოუკიდებელ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა დაამტკიცა.

გალუშენკოს თქმით, დამოუკიდებელ რეჟიმში მუშაობის გამოცდა ორ ეტაპად - ზამთრის და ზაფხულის პერიოდში უნდა მომხდარიყო.

რუსეთ-ბელარუსის ენერგოსისტემაში უკრაინის ენერგოსისტემის ჩართვა 27 თებერვალს იყო დაგეგმილი, რა დროსაც მტერმა უკრაინის გეგმები დააკორექტირა.

„დღეს ხელი მოეწერა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცემულ ბრძანებას რუსი ოკუპანტების ენერგოქსელთან მიერთების უარყოფის შესახებ. ევროპული ქვეყნების ენერგეტიკის სამინისტროებისთვის მიმართვას ვგეგმავ, რათა ისინი უკრაინის ენერგოსისტემის ევროპულთან მიერთების საკითხის გადაწყვეტის დაჩქარებაში დაგვეხმარონ“, - განაცხადა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ უკრაინულმა ენერგოსისტემამ ტექნიკურად და ტექნოლოგიურად დაადასტურა მდგრადობა. პოლიტიკურად კი სიტყვა ევროპული ქვეყნების მმართველებს რჩებათ.

„შედეგად ჩვენ ევროპის საპასუხო ნაბიჯებზე ვამყარებთ იმედს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ჩვენს ძალებში და შესაძლებლობებში მოვამარაგოთ უკრაინელები სტაბილური ენერგომიწოდებით, სინქრონიზაციის გეგმის დაჩქარების მიუხედავად“, - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, უკრაინის ენერგოსისტემის საცდელი გათიშვა რუსეთ-ბელარუსის ენერგოქსელიდან უკრაინის ენერგოსისტემის დამოუკიდებელი და ასევე მოლდოვასთან საერთო ბლოკის მუშაობის გამოსაცდელად, რათა საბოლოოდ, უკრაინა ევროპული სისტემის ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორების ENTSO-E-ს შეერთებოდა. მასში 35 ქვეყნიდან 42 ოპერატორი შედის.