მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა რუსულ გაზზე სანქციების "ირანული მოდელის“ დაწესების წინადადებით გამოდის

625562f41a137
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.22 15:41
4982
უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს „გაზპრომთან“ მიმართებით, სანქციების „ირანული მოდელის“ გამოყენებას სთავაზობს. ამ მოდელით ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდება გაგრძელდება, თუმცა მის გადასახდელად გამიზნული ფულადი რესურსი არა - რუსეთში, არამედ სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე გადაირიცხება. ამის შესახებ Ukrinform-ს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ იაროსლავ დემჩენკოვმა, ენერგეტიკული საზოგადოების მიერ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე, ვენაში გამართულ კონფერენციაზე განუცხადა.

„რაც შეეხება რუსეთიდან გაზსადენს, ევროპული ქვეყნებისთვის ახლა მისი ჩანაცვლება ყველაზე რთულია. ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტი მთლიანი იმპორტის 40%-ს შეადგენს. ავსტრიაში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს მაჩვენებელი 80%-მდეა. ჩვენ ვთავაზობთ სანქციების „ირანულ მოდელს“: „გაზპრომი“ ბუნებრივ აირს ევროპას მიაწვდის, მაგრამ ფულადი რესურსი სრულად ევროპული ბანკების სპეციალურ ანგარიშებზე შეინახება, მანამდე სანამ რუსეთი ომის დასრულების პირობებს და ზარალის კომპენსაციას არ მოახდენს“, - განაცხადა დემჩენკოვმა.

მისი სიტყვებით, ამ გზით ფული რუსეთში არ მიიმართება და მის მიერ წარმოებულ ომს არ დააფინანსებს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირში, კონკრეტულად კი გერმანიასა და ავსტრიაში „დიდი ხნის განმავლობაში შენდებოდა მითი, რომ ევროპა რუსული ენერგორესურსების გარეშე მოკვდება“, თუმცა სინამდვილეში, მდგომარეობა სრულად საპირისპიროა - „ეს რუსული ენერგეტიკა მოკვდება ევროპის ბაზრის გარეშე“.

„ევროკავშირი რუსული გაზისთვის ერთადერთ მსხვილ ბაზრად რჩება. ევროპული ბაზრის გარეშე რუსებს თავისი გაზის საბადოების გაჩერება და დაკონსერვება მოუწევთ. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მათ აღდგენას დაიწყებენ, მოპოვების 70% დაიკარგება. ამიტომ თუ პუტინი ევროპაში გაზის მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს, ასეთი გაჩერება 1-2 თვეზე მეტხანს ვერ გაგრძელდება. თუ გაგრძელდება, რუსეთის ბუნებრივი აირის დარგს დიდი ზარალი მიადგება“, - თქვა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.

დემჩენკოვმა რუსი დეპუტატების განცხადებებიც შეაფასა, რომელიც ევროპისთვის გაზის მიწოდების შეჩერებას შეეხებოდა. „კრემლს უნდა, რომ ნახოს ევროპაში ვის უღალატებს ნერვები ამ განცხადების შემდეგ. ასეთი განცხადებები შემდგომი სანქციების მოწინააღმდეგეების მობილიზებისთვის კეთდება“, - თქვა მან.