მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ “IDS Borjomi-ს” შვილობილ კომპანიაში მიხაილ ფრიდმანის წილი დააყადაღა

62a74ad87c624
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.22 18:41
1569
უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უკრაინულმა სასამართლომ სანქცირებული რუსი მილიარდერ მიხაილ ფრიდმანის აქტივები დააყადა. განცხადების თანახმად, საუბარია 53.4 მილიონი გრივნის მოცულობის აქტივებსა და წილებზე.

“უკრაინსკაია პრავდას” გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, საუბარია უკრაინის მტკნარი წყლების უმსხვილეს ჩამომსმხმელი ქარხნების “მირგოროდის” და “მორშინსკის” წილებზე. ამ საწარმოებს მიხაილ ფრიდმანი IDS Borjomi International-ის მეშვეობით ფლობს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად IDS Borjomi International-ის მესაკუთრეთა რიგებში ცვლილებებია. დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიის აქციონერი გახდება. საქართველო კომპანიის 7.73%-ის წილის მფლობელი გახდება.

მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩამოთვალა, თუ რომელი კომპანიები იქნებიან IDS Borjomi International-ის აქციონერები. ეს სია ასე ნაწილდება:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი) - 49.99%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%

IDS Borjomi International-ი დსთ-ში მინერალური და სასმელი წყლის უმსხვილესი მწარმოებელია. ბორჯომის, ლიკანის და ბაკურიანის ბრენდების გარდა, კომპანია ქარხნებს ფლობს რუსეთსა და უკრაინაშიც, სადაც მორშინსკის და სვიატოი ისტოჩნიკის ბრენდების მტკნარ წყლებს ასხამს. 2020 წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 461 მილიონი დოლარი, 2019 წელს კი 505 მილიონი დოლარი იყო.

მიხაილ ფრიდმანის “ალფა ჯგუფი” IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს 2012 წლის დეკემბრიდან ფლობდა. გარიგებამდე კომპანიის მთავარი აქციონერი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომელმაც $460 მილიონ დოლარად “ბორჯომის” 60%-იანი წილი “ალფა ჯგუფს” მიჰყიდა. 40%-იანი წილი კი პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. 2012-2020 წლების განმავლობაში აქციათა თანაფარდობა სწორედ 40-60%-ზე იყო, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში მასში გაჩნდნენ სხვა მინორიტარი აქციონერები 3.79%-ის წილით.

2021 წლის პირველი ნახევრიდან წილების ჩუქებამდე, კომპანიის აქციონერები ასე ნაწილდებოდნენ:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი) - 57.72%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%

აქციონერთა რიგებში საქართველოს გამოჩენის შედეგად, “ალფა ჯგუფის” წილი 49.99%-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ალფა ჯგუფმა” კომპანიის საკონტროლო პაკეტი დაკარგა. ანუ სანქცირებული პირები კომპანიის ნახევარზე მეტს აღარ ფლობენ.