მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მოლოდინით, CFD აუქციონის შეთავაზებაში ფასი 7 ცენტზე მაღალი იქნება - აბრამიშვილი

641c522237a7a
მარიამ ვარადაშვილი
23.03.23 23:30
751
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ CFD-მექანიზმით გამოცხადებულ აუქციონში საკმაოდ დიდი კონკურენცია იქნება.

ეს პირველი აუქციონია მას შემდეგ, რაც მთავრობამ ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელი აამოქმედა. აუქციონი შემდეგ სიმძლავრეზე ამოქმედდა: ჰიდროელექტროსადგურები - 150 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ. აბრამიშვილის განცხადებითვე, დაინტერესებულმა პირმა სიმძლავრის აუქციონის კომისიას უნდა წარუდგინოს აუქციონის განაცხადი დახურულ კონვერტში თანდართულ დოკუმენტაციასა და განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან ერთად.

“კერძო სექტორი ძალიან გააქტიურებულია, ბანკებთან გვაქვს კომუნიკაცია გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენი მოლოდინია, მაღალი კონკურენცია იქნება. ჩვენც გვაინტერესებს რა შედეგით გამოვალთ. ორშაბათია ბოლო ვადა, როდესაც ამ პროექტებზე განაცხადი უნდა წარვადგინოთ. პროცედურით ეს განაცხადები დახურულ კონვერტებში მოექცევა და მათ გახსნის ის კომისია, რომელიც მთავრობის დადგენილებით დაინიშნა. ასევე გაკეთდება პროცესის ჩანაწერიც და გასაჯაროების საჭიროების შემთხვევაში ეს მასალა გასაჯაროვდება. დადგენილი ვადა, როცა პასუხი უნდა მივიღოთ ერთი თვეა, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში ეს ერთი თვე შესაძლოა, სამ თვემდე გაიზარდოს.

რაც შეეხება ფასს, ჩვენი მოლოდინით ამ შეთავაზებაში ფასი 7 ცენტზე მაღალი იქნება და ეს იქნება დასტური იმისა, რომ მაშინ ფინანსთა სამინისტრო ცდებოდა, როცა PPA მექანიზმში ფისკალურ რისკებს ხედავდა. ისედაც გაძვირებულია ყველაფრის ფასი: სამშენებლო მასალები, საწვავი და ა.შ. ჩვენ ყველაფრის იმპორტს ვახორციელებთ და საინჟინრო კომპანიებიც საერთაშორისო არიან. აქედან გამომდინარე, ეს არანაირ გარანტიას არ გვაძლევს იმისა, რომ ფასი შემცირებული იქნება”,-ამბობს აბრამიშვილი.