მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დივერსიფიცირებული ინვესტიციის უნიკალური შესაძლებლობა - ინტერვიუ DriveWealth-თან და G&T-თან

62211fb63c2db
ანა თავაძე
16.03.22 09:00
2135
"საქართველოს ბანკმა" Galt & Taggart-თან ერთად 2021 წლის დეკემბერში აამოქმედეს საქართველოში პირველი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სულ მცირე $1 დოლარის ინვესტიციით, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ინვესტირების დაწყების შესაძლებლობას აძლევს. "საქართველოს ბანკმა" ინვესტიციების სისტემა ამერიკული კომპანია DriveWealth-ის დახმარებით შექმნა. გადაცემა The CheckPoints-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში DriveWealth-ის გლობალური ფინანსური სერვისების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ კონორმა განაცხადა, რომ მსოფლიოში საცალო ინვესტორების მხრიდან ბირჟების მიმართ დაინტერესება მაღალი სისწრაფით იზრდება. მისი თქმით, უშუალოდ "საქართველოს ბანკთან" და Galt & Taggart-თან მათი თანამშრომლობა წარმატებულია. Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი დავით ნიშნიანიძე კი, აღნიშნავს, რომ ამ პროექტს საქართველოში ფინანსური განათლების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს. 

ინტერვიუ DriveWealth-თან და Galt & Taggart-თან:
 
გიორგი ისაკაძე: მაიკლ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. DriveWealth საქართველოში - ეს ძალიან განსაკუთრებული მოვლენაა. თქვენ ხართ 250 ფინტექკომპანიის წევრი აშშ-ის ბაზარზე. საქართველო DriveWealth-ისთვის 153-ე ქვეყანაა, მართალი ვარ?
 
მაიკლ კონორი: ჩვენ გვყავს მომხმარებელი 100-ზე მეტ ქვეყანაში, ასე რომ, დიახ. საქართველოს ბანკთან და Galt & Taggart-თან თანამშრომლობა დაახლოებით, ჩვენი პარტნიორობების სიაში, დაახლოებით, მეასეა.
 
გიორგი ისაკაძე: რა არის DriveWealth? მოკლედ გავაცნოთ კომპანია ჩვენს მკითხველებს.
 
მაიკლ კონორი: DriveWealth არის პიონერი მსოფლიოში ფრაქციული აქციებით ვაჭრობის შემოტანის კუთხით. მთავარია იდეა ნამდვილად არის ინვესტიციის დემოკრატიზაცია, რათა ნებისმიერი ზომის ინვესტორს შეეძლოს, პირობითად ოთხი ლარის ღირებულების Apple ან 10 ლარის ღირებულების Facebook ფლობა. ამ ტექნოლოგიას და საბროკერო შესაძლებლობებს, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში ვაშენებდით და ვთანამშრომლობდით დიდ კომპანიებთან, სწორედ ისეთებთან როგორიცაა, "საქართველოს ბანკი" და Galt & Taggart. ეს შესაძლებლობა ნამდვილად ხსნის ინვესტირების დიდ სამყაროს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ამის შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ კომპანიებზე, რომლებიც დალისტულია აშშ-ში - ძალიან ლიკვიდურ, ძალიან ხელმისაწვდომ ბაზარზე. ასე რომ, რეგულარული საცალო ინვესტორებისთვის ეს ძალიან უნიკალური შესაძლებლობაა. ჩვენ ძალიან წარმატებულები ვართ ამ მხრივ - ახლახან გვქონდა ფანდრაიზინგის წარმატებული სერია, რომლის შედეგადაც ჩვენი კომპანია 2.8 მილიარდ დოლარად შეფასდა. გვიხარია, რომ საქართველოში მუშაობის შესაძლებლობაც მოგვეცა.
 
გიორგი ისაკაძე: რატომ "საქართველოს ბანკი" და Galt & Taggart? რა კრიტერიუმებით აფასებთ თქვენს მომავალ პარტნიორებსა და მოკავშირეებს?
 
მაიკლ კონორი: თითოეულ ქვეყანაში, სადაც ვაწარმოებთ ბიზნესს, გვსურს ვიმუშაოთ პატივცემულ ინსტიტუტებთან. განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა გამორჩეულად სასიამოვნოა, როცა შეგიძლია ბიზნესი აკეთო ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და იმუშაო ისეთ ინსტიტუტთან, როგორიც არის საქართველოს ბანკი, რომელსაც აქვს ფართო გავლენა და სანდოობა. საქართველოს ბანკის შესახებ ევროპული ფინტექის დამფუძნებლისგან გავიგე. სწორედ მაშინ გაჩნდა შესაძლებლობა, შემეცნო აქაური ბაზარი და პოტენციალი, რითაც ყველანი კმაყოფილები დავრჩით.
 
გიორგი ისაკაძე: დავით, რატომ შეაჩერეთ არჩევანი DriveWealth-ზე?

დავით ნიშნიანიძე: იცით, რომ Galt & Taggart-ს საქართველოში უნიკალური ადგილი უკავია ინვესტიციების კუთხით და ჩვენ ალბათ წამყვანი საბროკერო ვართ საქართველოში. ძალიან ყურადღებით ვუსმენდით ჩვენს კლიენტებს და ვცდილობდით, მათი მოთხოვნილი პროდუქტები შეგვექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო უფრო ხელმისაწვდომი სავაჭრო შესაძლებლობები. ჩვენ გვქონდა კონკრეტული საშინაო დავალება. შემდეგ დავიწყეთ პროვაიდერების ძებნა, რომლებსაც შეეძლოთ ასეთი სერვისების გაწევა. სიაში ბევრი პოტენციური პარტნიორი გვყავდა. თუმცა, სანდოობის კუთხით და  გამოცდილებით DriveWealth-ზე შევაჩერეთ არჩევანი. პოტენციური პარტნიორის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია მათი არსებული გამოცდილების გათვალისწინება,  მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია შემოთავაზებული პოტენციალი. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი პოტენციალი DriveWealth-თან ერთად განვითარების თვალსაზრისით. თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ კლიენტების საჭიროებებზე ზრუნვას. ვფიქრობთ, რომ DriveWealth-ს აქვს უნარი და სურვილი, უპასუხოს ამ საჭიროებებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის პარტნიორობა მართლაც წარმატებულია.
 
გიორგი ისაკაძე: ბევრი მომხმარებელი და კლიენტი გყავთ და თქვენი პორტფელი უზარმაზარი და შთამბეჭდავია. რა სახის მომხმარებელზე და კლიენტებზეა ორიენტირებული ეს პარტნიორობა? ვინ მიიღებს მეტ სარგებელს DriveWealth-თან თქვენი პარტნიორობით?
 
დავით ნიშნიანიძე: ჩვენი სლოგანია „შესაძლებლობების შექმნა“. "საქართველოს ბანკის" სლოგანია „არ გაჩერდე“. ასე რომ, ვფიქრობ, ამ პროდუქტით ჩვენ შევქმენით შესაძლებლობები და არ ვჩერდებით. საბოლოო ჯამში, ამ პროდუქტით მეტ სარგებელს მიიღებს საქართველოს მოსახლეობა. ვფიქრობთ, ეს იქნება ძირითადი საჭიროება ინვესტიციების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, რადგან ყველას უნდა ჰქონდეს ინვესტიციებზე წვდომის უფლება. თუ ადამიანებს აქვთ ცოტა დანაზოგი და ფიქრობენ მომავალზე, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე და მათ უნდა შეეძლოთ ინვესტირება ისევე როგორც სხვებს მთელ მსოფლიოში.
 
გიორგი ისაკაძე: მინდა, გკითხოთ ახალი საინვესტიციო პლატფორმის შესახებ, რომელიც ამოქმედდა და წარედგინა ადგილობრივ მომხმარებელს. როგორ ვითარდება პლატფორმა? გვაქვს თუ არა რაიმე სახის წინასწარი ან მიმდინარე სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს პლატფორმა?
 
დავით ნიშნიანიძე: ვფიქრობ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ინტერესი ნამდვილად დიდია, მაგრამ ცხადია, ეს ახალი პროდუქტია. ეს ახალია ჩვენთვის, ახალია ქართული ბაზრისთვის და ქართველი ინვესტორებისთვის. ახალი პროდუქტის ათვისებას, საგანმანათლებლო რესურსების შექმნაც სჭირდება, რათა მომხმარებელმა გაიგოს პროდუქტის არსი და ადაპტირდეს მასთან. დარწმუნებული ვარ, გინახავთ, ჩვენი მარკეტინგული და საგანმანათლებლო კამპანიები, ასევე ბიზნესკურსებიც, რომელიც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. გვსურს, თითოეულ დაინტერესებულ კლიენტს, სხვადასხვა არხის გამოყენებით მივაწოდოთ აუცილებელი ინფორმაცია. ეს არის ის სარგებელი, რომელსაც საბოლოოდ კლიენტი მიიღებს. ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ვფიქრობ, პროექტი წარმატებულია და კლიენტების ინტერესი ნამდვილად მაღალია.
 
გიორგი ისაკაძე: მაიკლ, ბაზარზე შესვლისას, იკვლევთ ქვეყანას. როგორია საქართველო თქვენი გადმოსახედიდან? რამდენად ჰგავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ისტორია იმ ქვეყნებს, სადაც უკვე ხართ წარმოდგენილი? ზოგადად, როგორია თქვენი პირველადი შთაბეჭდილება?
 
მაიკლ კონორი: ამ პროდუქტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული დამახასიათებლები ისეთივეა საქართველოში, როგორც ყველა სხვა ახალ ბაზარზე.  ვფიქრობ, დავითი მართალია, როცა ამბობს, რომ საგანმანათლებლო კამპანიის არსებობა აუცილებელია. ეს საკმაოდ რევოლუციური პროდუქტია. თუ, ორი თვის წინ საქართველოში მცირე ინვესტორი რომ იყავით, მსგავს პროდუქტებში ინვესტიციის შესაძლებლობა საერთოდ არ გქონდათ. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ეს ნამდვილად ინოვაციაა. დავითი და მისი გუნდი რომ გავიცანით, დაგვრჩა შთაბეჭდილება რომ მათ საშინაო დავალება შეასრულეს. მათ იცოდნენ, რა ბაზარს ითვისებდნენ. მათ იცოდნენ როგორ წარმოედგინათ პროდუქტი ბაზარზე. მათ ჰქონდათ სწორი ტექნოლოგიები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისთვისაც კი პრობლემაა. ასე რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ისინი აერთიანებენ დამკვიდრებული ინსტიტუტის საუკეთესო ნაწილებს - ძალიან სანდო ბრენდთან და სტარტაპკომპანიის ტექნოლოგიურ კომპონენტებთან. საქართველომ მართლაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა ძირეული სტრუქტურების ჩამოყალიბებაში, რათა განევითარებინა მართლაც მიმზიდველი კაპიტალის ბაზარი. 
 
გიორგი ისაკაძე: საკანონმდებლო ბაზას გულისხმობთ?
 
მაიკლ კონორი: დიახ. ვგულისხმობ მარეგულირებელ სტრუქტურას, ფინანსურ ინსტიტუტებსა და რეგულაციებს შორის ურთიერთქმედებას, როგორც ჩანს, ამ მხრივ ძალიან კარგი კომუნიკაციაა - შეიმჩნევა ღიაობა ახალი პროდუქტების მიმართ. ჩემი შთაბეჭდილება, გარე მხარის პერსპექტივიდან არის საქართველოს აქვს ყველა საჭირო კომპონენტი - ის, რასაც ვხედავთ სხვა კარგად განვითარებულ კაპიტალის ბაზრებზე. ვფიქრობ, ოპტიმისტურად უნდა იყოთ განწყობილი.
 
გიორგი ისაკაძე: დიდი მადლობა მაიკლ. დავით, რას ფიქრობთ?
 
დავით ნიშნიანიძე: მეტი უნდა ვიმუშაოთ. ეს ყველაფერი ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. ეს ყველაფერი კაპიტალის ბაზრის მიღმა არსებული ეკონომიკის გაგებაზეა დამოკიდებული. თუ ვინმეს სურს მიიღოს მეტი დაფინანსება ან მოიპოვოს მეტი სახსრები ზრდისთვის, კაპიტალის ბაზარი უნდა იყოს ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ადგილი. საქართველოს ყველა პერსპექტივიდან ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ახალი პროდუქტი შექმნის ინვესტიციის ამგვარ გაგებას მოთხოვნის მხრიდან, რადგან კაპიტალის ბაზარს აქვს ორივე მხარე - მიწოდება და მოთხოვნა. ამ პროდუქტით ჩვენ შევძლებთ მოთხოვნის შექმნას.  როგორც კი მოთხოვნა გაჩნდება, მიწოდების მხარეც მიჰყვება.
 
გიორგი ისაკაძე: თქვენ ახსენეთ "დივერსიფიცირებული ინვესტიციის უნიკალური შესაძლებლობა". შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით თქვათ ამ უნიკალური შესაძლებლობის შესახებ? რას გულისხმობთ დივერსიფიცირებულ ინვესტიციაში?
 
დავით ნიშნიანიძე: ვფიქრობ, ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეთ ინვესტიციებზე წვდომა. რაც შეეხება დივერსიფიკაციას - ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ. ამ პროდუქტით მათ აქვთ წვდომა აშშ-ს ბაზრებზე - აშშ-ის ბაზარი უდავოდ ყველაზე ლიკვიდური ბაზარია მსოფლიოში. მათ აქვთ წვდომა აქციებზე, ETF-ებზე.  ამ პლატფორმით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავამრავალფეროვნოთ ჰოლდინგები და ავირჩიოთ კონკრეტული აქციები, კონკრეტული სექტორები. აღსანიშნავია SPY-ში ინვესტირება, რომელიც არის S&P 500-ის ინდექსი. ეს თავისთავად დივერსიფიკაციაა, როცა თვალს ადევნებ აშშ-ში დალისტულ 500 კომპანიას, მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის გამოყენებით. ესეც განათლების ნაწილია. ინვესტიციების რისკიანობიდან გამომდინარე, უნდა აღვნიშნოთ, რომ რისკზე წასვლა სუბიექტური და ინდივიდუალურია. თუ ადამიანი ნაკლებად რისკიანია, მას შეუძლია ETF-ებისკენ გადაიხაროს, თუ ვინმე უფრო რისკიანია, შეუძლია აირჩიოს აქციები, მაგრამ ისევ და ისევ, ყველაფერი დამოკიდებულია ინვესტორების თვალსაზრისზე და მათ გეგმებზე. ინვესტიცია არის დაზოგვისა და სიმდიდრის აშენების გრძელვადიანი პროცესი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ერთ-ორ თვეში დასჭირდება ფული, მე ვფიქრობ, რომ სჯობს, ნაბიჯი უკან გადადგას, ჯერ გადაწყვიტოს რა უნდა გააკეთოს თავისი ფულით და შემდეგ წავიდეს ინვესტიციების გზაზე.
 
გიორგი ისაკაძე: მაიკლ, არ შემიძლია არ გკითხოთ პანდემიის ეფექტზეც - შეცვალა პანდემიამ დიდი სურათი? როგორ შეიცვალა ინვესტორების ქცევა? საერთოდ შეიცვალა თუ არა?
 
მაიკლ კონორი: DriveWealth იყო მართლაც უნიკალურ მდგომარეობაში, შეესწავლა პანდემიის ეპოქაში განხორციელებული ცვლილებები. გაგიზიარებთ ერთ დაკვირვებას - მოხდა დიდი აფეთქება საცალო ინვესტორებში მთელს მსოფლიოში. ეს არის ჩვენი ბიზნესმოდელის ერთ-ერთი უპირატესობა, რომ გვყავს პარტნიორები მთელს მსოფლიოში. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის დაწყებისთანავე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხალხი ბევრად უფრო სერიოზულად მოეკიდა საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობას. ბევრი ადამიანისთვის აქტიურ ინვესტიციებში ჩართვა ამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ახლაც ასეა. ჩვენ ვხედავთ საცალო ვაჭრობის სეგმენტის საერთო ბაზრის აქტივობაში მონაწილეობის გაცილებით მაღალ დონეს. ახალი ინვესტორების საქციელში აღსანიშნავია ემოციური კომპონენტი. არსებობს ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ინვესტიციების ჭკვიანურად მართვაში, მაშინაც კი, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ემოციური ელემენტია. ჩვენ ვნახეთ კონკრეტული აქციები, რომლებიც პოპულარული იყო სხვადასხვა საიტებსა და სოციალურ მედია პლატფორმებზე. ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება. ადამიანები ინფორმაციას მიიღებენ ახალი და უნიკალური გზებით, რაც მათ ინფორმირებულ ინვესტორებად აქცევს. ისინი ინვესტირებას ახდენენ იმ საკითხებში, რაც მათ აინტერესებთ. იმედია, ამ საგანმანათლებლო პროცესით, პირველ რიგში, თქვენ ყურადღებას გაამახვილებთ დივერსიფიკაციაზე.