მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელ დევნილებს ევროკავშირი მინიმუმ 1-წლიან ცხოვრების უფლებას მისცემს - ევროკომისიის პრეზიდენტი

6223b3aa7628e
BM.GE
05.03.22 23:08
1128
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსული აგრესიის შედეგად უკრაინა 1.2 მილიონზე მეტმა დევნილმა უკვე დატოვა. ამასთან, ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში უკრაინიდან დევნილთა რაოდენობა კიდევ “რამდენჯერმე გაიზრდება”.

ურსულა ფონ დერ ლაიენი მადლობას უხდის ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც დევნილები შეიფარეს. მისი თქმით, ომისგან გაქცეულ მოქალაქეებს ევროკავშირი მინიმუმ 1-წლიან ცხოვრების უფლებას მისცემს.

“დევნილთა რაოდენობა 1.2 მილიონია და ეს რიცხვი უახლოეს დღეებსა და კვირებში კიდევ რამდენჯერმე გაიზრდება. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო და სოლიდარობა გამოვუცხადო წინა ხაზზე მყოფ ქვეყნებს, რომლებმაც დევნილები შეიფარეს - პოლონეთს, სლოვაკეთს, რუმინეთს, ასევე მოლდოვას. ასევე ყველა სხვა ქვეყანას, რომლებიც დევნილებს იღებენ.

ევროკავშირის ტერიტორიაზე გადმოსული უკრაინელი დევნილები დაუყოვნებლივი წესით მიიღებენ მინიმუმ 1 წლის რეზიდენტობის უფლებას, ეს მოიცავს არამხოლოდ შრომის უფლებას, არამედ ჯანდაცვაზე წვდომას და განათლების სისტემასთან და სკოლებთან წვდომას,”- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. მათი უმეტესობა პოლონეთში წავიდა და ასეთი 650 ათასი უკრაინის მოქალაქეა.

ქვეყნების სიაშია ასევე სლოვაკეთი (90 000), უნგრეთი (145 000), რუმინეთი (57 000), მოლდოვა (103 000) და რუსეთი (149 000).