მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელი მოსწავლეებისთვის თბილისში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება

623df11781804
BM.GE
25.03.22 20:45
943
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრი კასიანოვს პირადად გააცნო.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა ანდრი კასიანოვს სამინისტროში უმასპინძლა და მასთან უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების საქართველოს სკოლებში ჩარიცხვის საკითხი განიხილა.

როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს ამ მიმართულებით.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების კარი უკვე გახსნილია და მათ ჩარიცხვა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.

თავის მხრივ, ანდრი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უკრაინელი ხალხისა და მოსწავლეების უდიდესი მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ უკრაინულენოვანი სექტორის დაარსების პროცესში საელჩო აქტიურად ჩაერთვება და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.