მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ გულწრფელები იქნებიან, აღიარონ..." - დავითაშვილი წისქვილკომბინატებს პასუხობს

6149d7408c4af
ელენე გოგბერაშვილი
21.09.21 17:25
1001
ქვეყანაში მოქმედი წისქვილკომბინატები დახურვის რისკებზე ალაპარაკდნენ. მათთვის პრობლემას ქმნის ხორბლისა და ფქვილის მთავარი მომწოდებელი ქვეყნის, რუსეთის დისონანსური სატარიფო პოლიტიკა. ის ბეგრავს ხორბლის იმპორტს და არ ბეგრავს ფქვილს, რითიც ახალისებს ფქვილის წარმოებას და მის ექსპორტს. სწორედ ამიტომ ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში ფქვილის იმპორტი გაორმაგდა. ახლა წისქვილკომბინატები დილემის წინაშე დგანან, გააჩერონ თუ არა წარმოება, რადგან მათი თქმით, ფასთაშორის სხვაობის გამო აზრი ეკარგება ადგილზე ხორბლის გადამუშავებას და ფქვილის წარმოებას. ეს თან იმ ფონზე, როცა მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასმა უკვე გადააბიჯა ფსიქოლოგიურ ნიშნულს და 1 ტონის ღირებულება 300 დოლარს გასცდა.

დარგი ითხოვს იმის ცოდნას, საით წავა პროცესები. მაგალითად, მეზობელმა აზერბაიჯანმა მსგავსი გამოწვევის პასუხად მთლიანი ჯაჭვი გაათავისუფლა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და დაბლოკა ასევე ფქვილის ექსპორტი.

იქნება თუ არა ანალოგიური მიდგომა საქართველოშიც, რთული სათქმელია. ლევან დავითაშვილი კონკრეტულს არაფერს ამბობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი შეიძლება ითქვას, გაანაწყენა ქვეყანაში მოქმედი მსხვილი წისქვილკომბინატების მხრიდან დარგში არსებულ პრობლემებზე საუბარმა და იმაზე მითითებამ, რომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებით არის დაკომპლექტებული, გადაწყვეტილებას აგვიანებს.

„თუ გულწრფელები იქნებიან, პირდაპირ განაცხადონ და აღიარონ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ მიღებული აქვთ იმდენი დაფინანსება, იმდენი მხარდაჭერა, რაც ბოლო, ბევრი წლის განმავლობაში იყო უპრეცედენტო, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო რამეს აკლებს, შეიძლება იყოს უპასუხისმგებლო. პირდაპირ შემიძლია ვთქვა და მოვუწოდო ამ ადამიანებს, რომელთაც კარგად ვიცნობ... ეს არის სექტორი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია.

გვესმის, რომ მდგომარეობა არ არის მარტივი, იმიტომ რომ პანდემიამ შეიტანა დისონანსი ბევრი მიმართულებით, მათ შორის აგროსასურსათო საქონელი გლობალურად გაძვირდა, ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო ინფლაციური პროცესები მიდის, ამიტომ ეს პერიოდი ერთად უნდა გავიაროთ, სწორად და პასუხისმგებლიანად. მოსახლეობასთან ჩვენ გვაქვს ასევე პასუხისმგებლობა.

სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა გამოიხატებოდა ყველა ეტაპზე, ყველა ნაწილში. თქვენ გახსოვთ, პანდემიის პირველივე დღეებიდან სუბსიდირების უპრეცედენტო პროგრამები ავამოქმედეთ და ამის ბენეფიციარები მათ შორის წისქვილები იყვნენ.

გავაგრძელებთ კომუნიკაციას და ამ დარგს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევუწყობთ ხელს იმგვარად, რამდენადაც ეს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებში შედის. ასევე დაცული იქნება საბაზრო ეკონომიკის პრინციპები.

კონკრეტულს ამ შემთხვევაში არაფერს გეუბნებით, რადგან პროცესებს ერთობლივად ვაკვირდებით.

დავეთანხმები, რომ გამოწვევები არის, რადგან დისონანსური სატარიფო პოლიტიკა შემოიღო ჩვენმა პარტნიორმა ხორბლის ნაწილში. თავიანთი ფქვილის წარმოება არ იბეგრება და იბეგრება ხორბლის ექსპორტი, მაგრამ გვესმის ამავე დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო დამოკიდებულია იმპორტზე, ბაზარი საქართველოში არის აბსოლუტურად ღია. უფრო კონკურენტუნარიანი რომ იყოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხორბლის მიწოდება, რა თქმა უნდა, საქართველოში იქნებოდა სხვა ქვეყნის ხორბალი უფრო მეტი ოდენობით წარმოდგენილი. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ყველაზე კონკურენტუნარიანი არის ამ ქვეყნის (რუსეთის) მოწოდებული ხორბალი.

იმ შემთხვევაში, რა შემთხვევაშიც ეს სატარიფო პოლიტიკა ამ კონკურენტუნარიანობაზე იმოქმედებს, რა თქმა უნდა საქართველოს აქვს ლოგისტიკური კავშირი სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ხორბლის მწარმოებელ და ექსპორტიორ მსხვილ ქვეყნებთან, მაგალითად ყაზახეთი უკრაინა, ისე რეგიონის მიღმა ევროპის აღმოსავლეთში, არაფერს ვამბობ ახალი სამყაროს ქვეყნებზე, რომლებიც დიდი მწარმოებლები არიან ხორბლის, ამიტომ კომპლექსურია თემა, სიტუაციას ხორბლის ასოციაციასთან ერთად ვაკვირდებით და სიტუაციის მიხედვით, საჭიროებისამებრ სახელმწიფო ჩაერევა“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.