მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიაში პირველად: უმსხვილესი ჩინური კომპანია Tencent-ის შემოსავლები შემცირდა

62fcdbc3ed493
გიორგი თოლორდავა
17.08.22 22:25
2271
დღეს ინვესტორები მოულოდნელი სიახლის წინაშე აღმოჩნდნენ - ისტორიაში პირველად, უმსხვილესი ჩინური კომპანიის, Tencent-ის კვარტალური შემოსავლები არათუ გაიზარდა, არამედ 3%-ით შემცირდა.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Tencent-მა 134.03 მილიარდი ჩინური იუანის ($19.78 მლრდ) შემოსავლის მიღება შეძლო, რაც ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მოლოდინებს და 3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ტექნოლოგიური გიგანტის ფინანსური შედეგების გაუარესება მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთის ეკონომიკა უდიდესი ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა, ტექნოლოგიური პლატფორმების ზრდის ტემპი კი იკლებს, განსაკუთრებით ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, რომელშიც Tencent-ი გლობალური ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ Tencent-ი აზიის მასშტაბით ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს და სუპერ აპს - WeChat-ს ფლობს, რომელიც ასობით ციფრულ სერვისს აერთიანებს და რომელსაც 2 მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს.

მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, Tencent-ი საინვესტიციო პროექტებს და მარკეტინგულ ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. აღნიშნული სტრატეგიის პირობებში, კომპანიამ მიტანის სერვის Meituan-ის $24-მილიარდიანი წილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

Tencent-ის იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგები ნეგატიურად მიიღეს ჩინური კომპანიების ინვესტორებმა. ამერიკული საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიის ოფიციალურად გახსნამდე შემცირდა: Alibaba-ს, Baidu-ს, JD.com-ისა და Pinduoduo-ს აქციები.

საგულისხმოა, რომ Tencent-ი ჩინეთის უმსხვილესი და მსოფლიოს რიგით მე-16 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა - მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 374 მილიარდ დოლარს შეადგენს.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.