მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟებზე კიბერუსაფრთხოების და ალტერნატიული ენერგიების კომპანიების აქციების ფასი მზარდია

621e24efeac88
BM.GE
01.03.22 18:56
3176
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას გლობალურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ძვრები მოჰყვა. თავდაპირველად, წამყვანი ამერიკული ინდექსები  - S&P 500 და NASQAD-ი 5.5%-ით და 7%-ით შემცირდნენ, შემდეგ კი ბაზრებზე მოლოდინები დასტაბილურდა და კვირის ბოლოს ინდექსები 0.8% და 1.1%-ით გაიზარდნენ. ასეთივე იყო Dow Jones-ის ინდექსი, 5.3%-იანი ვარდნის შემდეგ კვირის საწყის ნიშნულს დაუბრუნდა.

Galt&Taggart-ის შეფასებით, სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საფონდო ბირჟებზე შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: თავდაცვის სექტორის აქციების ფასები გაიზარდა, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრია ინვესტორების ყურადღების ცენტრში მოექცა და მოსალოდნელი კიბერთავდასხმების გამო, კიბერუსაფრთხოების სექტორის აქციები გაიზარდა. გასული კვირის ბაზრის ტენდენციები ასეთი იყო:

თავდაცვის სექტორი - კონფლიქტის ფონზე, ინვესტორების ნაწილი ფსონს თავდაცვის სექტორზე დებს, ისინი მოელიან, რომ მომავალში დასავლური ქვეყნების მხრიდან გაიზრდება თავდაცვის ბიუჯეტი და შესაბამისად, ამ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების ფასებიც. სახელმწიფო კონტრაქტორების, „Lockheed Martin“-ისა და „Northrop Grumman“-ის აქციების ფასებმა პარასკევს უკვე დააფიქსირეს, დაახლოებით, 4%-იანი ზრდა.

განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის სექტორი - „Berenberg“-ის უფროსი ეკონომისტის მოსაზრებით, ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება ის, რომ დასავლეთის ქვეყნებს უფრო სწრაფად მოუწევთ რუსული ნავთობისა და გაზისგან დივერსიფიკაცია და დიდი რაოდენობით ინვესტიციების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, ბირთვული ენერგია, წყალბადი და ა.შ. გასულ კვირას კომპანია “Sunrun”-ის აქციები 23%-ით გაიზარდა. დიდი ზრდა დააფიქსირეს „Sunnova Energy International“-მა, „Sunlight Financial“-მა და „NextEra Energy“-იმაც, რომლებიც ასევე მზის ენერგიის ინდუსტრიაში საქმიანობენ. ამერიკაში ლიკვიდური გაზის (LNG) მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის, „Cheniere Energy“-ს აქციების ფასი კი პარასკევს 11%-ზე მეტით გაიზარდა.

კიბერუსაფრთხოების სექტორი - კიბერთავდასხმების საფრთხის ზრდასთან ერთად იმატებს ამ სფეროში წარმოდგენილი კომპანიების აქციების ფასებიც, ხუთშაბათს „Telos“-ის ღირებულება 20%-ზე მეტით გაიზარდა, „Palo Alto Networks“-ისა და „CrowdStrike“-ის აქციების კი 13%-ით. 

საინვესტიციო შესაძლებლობა:

Galt&Taggart აღნიშნავს, რომ ამ სექტორებით დაინტერესებული ინვესტორებისათვის, შესაძლოა, მიმზიდველი იყოს ისეთი ETF-ები, როგორებიცაა: „iShares Cybersecurity and Tech ETF“, „iShares Global Clean Energy ETF“ და “The iShares U.S. Aerospace & Defense ETF”.

აღსანიშნავია, გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით მობაილბანკისთვის შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომლის საშუალებით მომხმარებელს ათასობით კომპანიის აქციით ვაჭრობა შეუძლია, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.