მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ სააგენტოს დაარსება უცნაური სიახლე იყო" - ვატო ასათაშვილი ახალ სსიპ-ზე

62b9eacdedc3d
ალა ისპირიანი
27.06.22 23:25
1263
"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი კურორტების განვითარების სააგენტოს შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. “ამდენი სსიპ-ი და ა(ა)იპ-ი ქვეყნისთვის არის მეტასტაზები, ეს ამ ქვეყანას ანგრევს”, - განაცხადა მან „საქმის კურსში“.

მისი თქმით, მსგავსი სააგენტოები შესაძლოა თანხების გაუმჭვირვალედ გადინების საშუალება აღმოჩნდეს.

„ამ სააგენტოს დაარსება უცნაური სიახლე იყო. გვაქვს ტურიზმის ადმინისტრაცია, რომელიც წესით ყველაფერს არ უნდა ხელმძღვანელობდეს. წარსულში მთავრობამ დეცენტრალიზაციის კუთხით გააკეთა კურორტების ცალკეული დაჯგუფება - მთის კურორტების მართვის კომპანია და აღმოჩნდა, რომ ეს კომპანიაც მთლად კარგად ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, რადგან მთის კურორტები მხოლოდ საბაგიროები არ არის. აქ რიგი პრობლემებია, კერძოდ, საჯარო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, დენის, ნარჩენების მართვის და ა.შ.

ამის შემდეგ, კიდევ რეორგანიზაცია მოხდა და ეს მთის კურორტების განვითარების კომპანია გარდაიქმნა ე.წ მთად, რომელსაც მხოლოდ საბაგიროების მართვა დაევალა და შეიქმნა რაღაც ახალი, - ადგილობრივ თვითმართველობაში ჩამოაყალიბეს ახალი სტრუქტურა - სრული სიგიჟე. ამის ფონზე ვნახეთ ძველი წარუმატებელი რეფორმის შემდეგ, რა შედეგი მივიღეთ. ახლა კი ეს სააგენტო შეიქმნა.

როგორც წესი, ყოველთვის, როცა ახალი სამსახური იქმნება, იქმნება კონკრეტულ პიროვნებაზე მოსარგებად. ამ შემთხვევაში ეს ქეისი სავარაუდოდ არ გვაქვს, რადგან სანდრო ონოფრიშვილი წლებია ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს, არაერთ საჯარო პოზიციაზე იყო, ამავე დროს ეკონომიკის მინისტრის მრჩეველიც. ამიტომ არ მგონია მისთვის იყოს შექმნილი.

არ მინდა სპეკულაცია და ისეთ თემებზე საუბარი, რაზეც ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა გარედან რასაც ვხედავ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. საბიუჯეტო ორგანიზაციების უამრავი დამატებითი ჯიბე იქმნება, საიდანაც მერე გაუმჭვირვალედ, რუხად თანხები გადის. უამრავი დამატებითი ადამიანი საქმდება. შეიძლება ესენი იყვნენ ნათესავები ან სხვა, თუმცა ქმედითად ამას რა შედეგი მოჰყვება, არ ვიცით.

ამდენი სსიპ-ი და ა(ა)იპ-ი ქვეყნისთვის არის მეტასტაზები.. მეტი არაფერი. ეს ამ ქვეყანას ანგრევს. წლები დაგვჭირდება იმისათვის, რომ ის აბლაბუდა, რაც საჯარო სამსახურშია, ერთხელ და სამუდამოდ დავშალოთ და სტრუქტურირებულად ჩამოვაყალიბოთ, ვინაიდან ინსტიტუციური კუთხითაც აბსოლუტური ქაოსია. რომელ სამსახურს რა ევალება და რას აკეთებს, წარმოდგენა არ აქვთ. დარწმუნებული ვარ სანდრო ონოფრიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ხოლმე მედიასთან და კომენტარებს გააკეთებს. იმას მაინც გვეტყვის, რამე სამოქმედო გეგმა თუ აქვთ“, - აღნიშნა მან.
 
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ახალი სსიპ-ი -კურორტების განვითარების სააგენტო შექმნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. თუ, რატომ შექმნა მთავრობამ ახალი სსიპ-ი, დღეს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განმარტა.