მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის ₾7-მილიონიანი ტენდერი არ შედგა

62162c55d26cc
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.22 17:41
1155
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა.

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული და მისი ღირებულება 7 057 389 ლარი იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა, ხოლო სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება 16 თებერვალს დაიწყო და 21 თებერვალს დასრულდა. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ მეტროს სრული რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. 2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა, რის შემდეგაც კომპანია “ყვარელმშენის" წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

აღსანიშნია, ისიც რომ მეტროსადგურ "ვარკეთილის“ რეაბილიტაციის ტენდერთან დაკავშირებით 5 თებერვალს კახა კალაძე განაცხადა, რომ მისთვის მოქალაქეთა შენიშვნები მეტროსადგურის რეაბილიტაციის გახანგრძლივების შესახებ გასაგები და მისაღებია, თუმცა დღემდე რეაბილიტაციის პროექტი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდა.