15.ივლისი .2022 22:45

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი თითქმის 2-ჯერ შემცირდა

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი თითქმის 2-ჯერ შემცირდა
views 720
უკან

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი წინა წლის მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახური ავრცელებს.

2022-2023 მარკეტინგული წლის დასაწყისიდან (2022 წლის ივლისიდან 2023 წლის ივნისამდე) 13 ივლისამდე ქვეყნიდან 556 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 926 ათას ტონას შეადგენდა.

მარცვლეულის სახეობების მიხედვით სიმინდის ექსპორტი 17.4%-ით 403 ათას ტონამდე შემცირდა, ხორბლის 2.2-ჯერ 113 ათას ტონამდე, ქერის ექსპორტი კი 4.9-ჯერ 37 ათას ტონამდე.

საანგარიშო პერიოდში უკრაინიდან მხოლოდ 1.3 ათასი ტონა ფქვილის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც ათასი ტონა ხორბლის ფქვილი იყო. გასულ წელს ხორბლის ფქვილის ექსპორტმა 5.8 ათასი ტონა შეადგინა.

2022 წლის ივნისში უკრაინიდან სულ 2.1 მლნ ტონა მარცვლეულის, პარკოსნების და მათი გადამუშავებით მიღებული პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა, რაც 470 ათასი ტონით, იგივე 25%-ით მეტია მაისის ექსპორტზე. მარტიდან მაისის ჩათვლით უკრაინის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი ომამდე არსებული ერთი თვის ექსპორტის ტოლია.

Unian-ის ცნობით, 2022 წლის 30 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთი მიერ პროვოცირებული მსოფლიო სასურსათო კრიზისის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამისთვის კი უკრაინული პორტების გახსნაა საჭირო, რათა უკრაინული ხორბალი შავი ზღვით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მიეწოდოს. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან 7 ივნისის მდგომარეობით, 500 000 ტონა უკრაინული ხორბალი მოიპარა, რომლის ღირებულება 100 მლნ დოლარია.