მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინიდან, სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოს 1 600 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში

622edca08c6df
BM.GE
14.03.22 10:09
560
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკრაინიდან, სხვადასხვა ქვეყნის გავლით, სამშობლოში საქართველოს 1 600-მდე მოქალაქე დაბრუნდა.

როგორც bm.ge-ს საგარეო უწყებიდან აცნობეს, გრძელდება უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესი.

მისივე ინფორმაციით, 13 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში სახმელეთო გზით დაბრუნდა რუმინეთში მყოფი საქართველოს 40-მდე მოქალაქე. დღეს რუმინეთიდან დამატებით ასევე მოხდება საქართველოს 50 მოქალაქის ორგანიზებული გამომგზავრება და მიმდინარე კვირას ასევე დაგეგმილია მოქალაქეთა ორგანიზებული გამომგზავრება პოლონეთიდან, საიდანაც სახელმწიფოს დახმარებით, საერთო ჯამში, საქართველოს 150-მდე მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში.

„ასევე გრძელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ, ლვოვიდან ვარშავას მიმართულებით ავტობუსის დამატებითი რეისები შესრულდება 15 და 16 მარტს. ამ დროისთვის საერთო ჯამში ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევით საქართველოს 500-მდე მოქალქე იქნა გამოყვანილი.

მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა ხდება ოდესიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ.

უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ხდება მათი გამომგზავრება საქართველოში.

საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში - რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.