მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უკრაინის ბაზრის კომპენსირება ახალი ავიაკომპანიებით და სიხშირეებით ხდება" - TAV GEORGIA

6273e96f8a884
ანუკა ჯოხაძე
05.05.22 22:24
1217
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის კუთხით უკრაინის მიმართულებას ბაზრის 12% ეჭირა, ხოლო ბათუმში 30%. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის TAV GEORGIA-მ მიაწოდა. მათი თქმით, ფრენების გაუქმებამდე უკრაინის მიმართულებით თბილისიდან კვირაში 14, ხოლო ბათუმიდან კვირაში 4 ფრენა სრულდებოდა.

როგორც TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, ახალი ავიაკომპანიების გამოჩენით და სიხშირეების დამატებით უკრაინის მიმართულების კომპენსირება ხერხდება. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას AIRBALTIC-იც დაიწყებს. გარდა ამისა, ოპერირებას იწყებს უზბეკეთის ავიახაზებიც.

“ძალიან სამწუხაროა ის მოვლენები, რაც უკრაინაში მიმდინარეობს. სამწუხაროა, ნებისმიერი ავიაკომპანიის ბაზრიდან გასვლა, მაგრამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 18%-იანი ზრდა გვქონდა. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ჩვენ შევძელით 4 თვის ჭრილში მგზავრთნაკადის 60%-ით აღდგენა. რეალურად ბაზარზე შემოდიან ახალი ავიაკომპანიები. ბათუმში ოპერირებას იწყებს AIRBALTIC, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში Condor Airlines-მა დაიწყო ოპერირება და ახალი ევროპული მიმართულება გვაქვს. თბილისში ველოდებით არაერთ ირანულ ავიაკომპანიასაც. კომპენსირება ახალი ავიაკომპანიებით და სიხშირეებით ხერხდება”, - აცხადებს TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

ცნობისთვის, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს ოთხი ავიაკომპანია SkyUp; Bees Airlines; Ukrainian International Airlines; Yan Air ასრულებდა. როგორც TAV GEORGIA-ში აცხადებენ, 2022 წლის ზაფხულის სეზონზე პირველადი განრიგის მიხედვით, რომელიც ავიაკომპანიებმა იანვარში გამოაგზავნეს, თბილისში კვირაში 22, ხოლო ბათუმში 8 სიხშირით სიხშირით ფრენების შესრულება იგეგმებოდა.