მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკრაინის ოკუპაციის მიზანი არ გვაქვს“ - პუტინი

6231f5e28bd0e
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.22 18:47
1949
"რუსეთი იძულებული გახდა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაეწყო, რამეთუ მას უსაფრთხოების საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა არ დაუტოვეს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის რეგიონების მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური ზომების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა ბოლომდე ამოწურული იყო. ჩვენ, უბრალოდ, არ დაგვიტოვეს არანაირი ვარიანტი მშვიდობიანი გზით გადაგვეწყვიტა პრობლემა, რომელიც ჩვენი ბრალეულობით არ შექმნილა. აქედან გამომდინარე, უბრალოდ, იძულებული ვიყავით სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაგვეწყო.

კიევთან და უკრაინის სხვა ქალაქებთან რუსული ჯარების გამოჩენა ამ ქვეყნის ოკუპაციასთან კავშირში არ იყო, ასეთი მიზანი არ გვაქვს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ მან 24 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში უკრაინის ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა. „ამას პირველად ვამბობ - დონბასში ოპერაციის დაწყებისას, უაზრო სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, კიევს შევთავაზეთ სამხედრო მოქმედებებში არ შემოსულიყო, არამედ უბრალოდ გაეყვანათ ჯარები დონბასიდან. არ ისურვეს. რას ვიზამთ, ეს მათი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ თუ რუსული ჯარები მხოლოდ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში იმოქმედებდნენ, ეს უკრაინას მშვიდობას არ მოუტანდა.