უკრაინის პორტები უსაფრთხო საზღვაო დერეფნის გავლით მარცვლეულითა და მზესუმზირის ზეთით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ცნობილია, რუსული ბლოკადის გამო უკრაინაში მილიონობით ტონა მარცვლეული დარჩა, რამაც სხვა ქვეყნებში საკვების დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვია.
თებერვლის შემდეგ უკრაინის პორტი პირველმა გემმა გასულ კვირას დატოვა. აღნიშნული ოთხი გემი კი დღეს გავიდა ოდესისა და ჩორნომორსკის პორტებიდან. შემოწმების შემდეგ, ორი თურქეთში ჩასვლას გეგმავს, დანარჩენი კი იტალიისა და ჩინეთისკენ მიემართება. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, კიდევ ერთ ცარიელ გემს მიეცა უფლება ჩასატვირთად უკრაინაში გაემგზავროს.
უკრაინიდან მარცვლეულის გატანა გასულ თვეში თურქეთისა და გაეროს შუამავლობით რუსეთთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ გახდა შესაძლებელი. შეთანხმება, რომელიც 120 დღის განმავლობაშია ძალაში, შეიძლება განახლდეს, თუ ორივე მხარე შეთანხმდება.
უკრაინის პორტებზე რუსეთის მიერ დაწესებული ბლოკადის შედეგად ქვეყანაში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია ჩარჩენილი. თუ შეთანხმება შენარჩუნდება, უკრაინა თვეში სამ მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტს განახორციელებს.