მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი

621d19f25c9fe
ინგა მურუსიძე
28.02.22 22:49
29254
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ტვიტერ-პოსტთან დაკავშირებით „ეჭვები აქვს“.

საქმე ის არის, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის "ტვიტერზე" გავრცელდა ქართულენოვანი პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრენის ნებართვას არ იძლევა.

„მესმის ის ემოციური ფონი, რომელიც შექმნილია უკრაინაში. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიგალს შორის არის ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა და ეს ურთიერთობა ბოლო ვიზიტების დროს ჩამოყალიბდა. ჩვენ არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

მე ეჭვი მაქვს, რომ ტვიტის შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია, რადგან ტექსტი, რომელიც ქართულად არის დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს და მაქვს მოსაზრებები თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ის. თუმცა მე მესმის უკრაინაში შექმნილი ემოციური ფონიც და ისიც, რომ ემოციურ ფონზე შეიძლებოდა ასეთი ტვიტიც ყოფილიყო გაკეთებული. როგორც მანამდე ვედექით გვერდით ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით მომავალშიც და ამას ვერაფერი შეცვლის“, - განაცხადა ზალკალიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

შეგახსენებთ: დღის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან მოხალისეები გეგმავდნენ უკრაინაში წასვლას საბრძოლველად, თუმცა უკრაინიდან წამოსული ჩარტერული რეისი თბილისის აეროპორტმა არ მიიღო და მოხალისეებმა წასვლა ვერ შეძლეს.