16.აპრილი .2021 15:36

უკვე მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული არიან „სინოფარმით“ - გაბუნია

უკვე მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული არიან „სინოფარმით“ - გაბუნია
views 186
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმის“ შესახებ საინფორმაციო კამპანია საქართველოში მომდევნო კვირიდან დაიწყება.

როგორც თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, მოსახლეობის მხრიდან „სინოფარმის“ ვაქცინით აცრისადმი ინტერესი დიდია.

„მნიშვნელოვანია, რომ „სინოფარმთან“ დაკავშირებული სარგებელი და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები მოსახლეობამ ზედმიწევნით ზუსტად იცოდეს, ამიტომ აქტიური საინფორმაციო კამპანია მომდევნო კვირის განმავლობაში დაიწყება. ჩვენ უკვე მოგვმართავენ მოსახლეობის ჯგუფები, მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული არიან „სინოფარმით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ჩინური ვაქცინით აცრა, სავარაუდოდ, 60 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში იქნება შესაძლებელი და ამ საკითხს ტექნიკური ჯგუფი გადაწყვეტს.

„სინოფარმის დეტალური რეკომენდაციები ასაკთან დაკავშირებულ რაიმე შეზღუდვას არ მოიცავს. საუბარია იმაზე, რომ სინოფარმის ეფექტურობაზე უფრო მდიდარი მონაცემები შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში არსებობს, 60 წლის ზემოთ „სინოფარმის“ ეფექტურობის შესახებ მონაცემები შედარებით ნაკლებია. აქედან გამომდინარე, შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას უფრო მეტი უპირატესობა მიენიჭოს, განსხვავებით „ასტრაზენეკასგან“, რომელსაც 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვიყენებთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.