მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესი იცვლება

620d26a49a5a1
BM.GE
16.02.22 20:48
1039
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონსა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებების მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაცია.

„მოქმედი რეგულაციით უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაცია აკრედიტაციის განაცხადს წარადგენს თითოეული პროგრამისთვის ცალ-ცალკე. ცვლილებების შემდეგ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა და უფლებამოსილება სააკრედიტაციოდ წარმოადგინონ პროგრამის შინაარსის, სწავლის მიზნების და შედეგების ნიშნით ერთ კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ დადებით მხარეებზე, რასაც ეს ცვლილება მოიტანს: „კლასტერული აკრედიტაციის მოდელი სახელმწიფოს, საზოგადოებას, განათლების სფეროს ექსპერტებს მისცემს საშუალებას გააკეთონ ანალიზი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო სახელმწიფოში. ასევე, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვას და მობილიზებას“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ცვლილება გამომდინარეობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მუდმივი განახლებისა და განვითარების, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სისტემასთან ჰარმონიზაციის მიზნებიდან.

დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად 76 ხმით დაუჭირეს მხარი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ სხდომაზე განსახილველად ასევე გამოიტანა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც უქმდება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მექანიზმი.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დღეისათვის არსებობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გარე შეფასების აკრედიტაციის მექანიზმი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ნებაყოფლობითია, მაგრამ ის დღეს აქტიურად არ გამოიყენება და მისი ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ სამმა პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია ნებაყოფლობით.

„დღის წესრიგში დადგა გარე შეფასების მოქმედი მექანიზმის გაუქმება - აკრედიტაცია და მისი მიზნების ინტეგრირება მოხდეს მეორე გარე შეფასების მექანიზმში, როგორიცაა ავტორიზაცია, რომლის სტანდარტებიც ასევე იცვლება და განისაზღვრება ავტორიზაციის სტანდარტების ქვესტანდარტები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებლის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილებით, სკოლის გარე შეფასების ორი მექანიზმი არ არსებობს და ერთ მექანიზმში ამ ფუნქციის ინტეგრირება საუკეთესო უცხოური გამოცდილების შესაბამისად განხორციელდება.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

„შეიქმნება განათლების ხარისხის მოქნილი, შინაარსზე ორიენტირებული, თანამედროვე ავტორიზაციის ინსტიტუტი. უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ საგნობრივ დონეზე. კერძოდ, შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გაივლიან მხოლოდ ავტორიზაციას“, – განაცხადა მომხსენებელმა.

პარლამენტმა ასევე იმსჯელა პაკეტში შემავალ კანონპროექტებზე ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტებს.